ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

არ აქვთ უფლება, არ დაგვემორჩილონ - ნათია თურნავა კომერციულ ბანკებზე


ნათია თურნავა - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.
ნათია თურნავა - საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი.

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა აცხადებს, რომ კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს ეროვნული ბანკის მითითებებს.

„კომერციულ სექტორს არ აქვს უფლება, არ დაემორჩილოს რეგულატორს, რადგან კომერციული სექტორი არის საქართველოს კომერციული სექტორი და ხელმძღვანელობს ჩვენი კანონმდებლობით“, - განაცხადა თურნავამ, 20 სექტემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე.

საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის აშშ-ის მიერ სანქცირების შემდეგ, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა „გამონაკლისი“ დაუშვა, რის შედეგადაც აღარ ავალდებულებს კომერციულ ბანკებს, სანქციები გაავრცელონ საქართველოს მოქალაქეებზე.

ეროვნული ბანკი ბრძანებაში ცვლილებას იმით ხსნის, რომ „ადგილი აქვს პირველ პრეცედენტს, როდესაც ასეთი სანქციები შეეხო საქართველოს მოქალაქეს“.

სები იმეორებს „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის არგუმენტაციას და წერს:

  • „საქართველოს თითოეულ მოქალაქეს იცავს საქართველოს კონსტიტუცია.
  • საქართველოს ეროვნული ბანკი, ხელმძღვანელობს რა საქართველოს კონსტიტუციით და უდანაშაულობის პრინციპით, მიიჩნევს, რომ საქართველოს მოქალაქეზე არ შეიძლება გავრცელდეს საერთაშორისო სანქციები, თუ ქართულ სასამართლოში მის მიმართ შესაბამის საქმეზე არ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი“.

ცვლილება "საკანონმდებლო მაცნეში" 19 სექტემბერს გამოქვეყნდა.

ცვლილებას ხელს აწერს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ნათია თურნავა. იგი სების პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას მას შემდეგ შეუდგა, რაც „ქართული ოცნების“ უმრავლესობამ საკანონმდებლო ცვლილებები მიიღო, შემდეგ კი პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის ვეტო დაძლია.

ეროვნული ბანკის გადაწყვეტილების მიუხედავად, საქართველოში ორმა ყველაზე მსხვილმა კომერციულმა ბანკმა, „საქართველოს ბანკმა“ და „თიბისიმ“ გამოაცხადა, რომ საერთაშორისო სანქციებით დაწესებული რეგულაციების შესრულებას აგრძელებენ, მიუხედავად იმისა, რა რეგულაცია აქვს მიღებული ეროვნულ ბანკს.

თურნავამ ამაზე პასუხად განაცხადა, რომ კომერციულ ბანკებს მისი ბრძანება არ დაურღვევიათ, „რადგან გადაწყვეტილება ამოქმედდა დღეს“. თუმცა, ცვლილება ძალაში 19 სექტემბერს შევიდა. „ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე“, - ვკითხულობთ "საკანონმდებლო მაცნეში." ბანკებმა კი ეს პოზიციები ბრძანების ამოქმედების შემდეგ დაიკავეს.

თურნავა ამბობს, რომ ბანკებთან პრობლემა არ შეიქმნება და დეტალურად განიხილავენ ამ საკითხს: „ჩვენ მათთან, როგორც ყოველთვის, როცა ახალი რეგულაცია და გადაწყვეტილება მიიღება, დეტალურად გავივლით, ტექნიკურ დონეზე, თუ როგორ უნდა მოხდეს ამის აღსრულება. აქ არანაირი პრობლემა არ არის“, - განაცხადა მან.

„ჩვენ ვიცით, რომ თითოეულ საფინანსო ინსტიტუტს საერთაშორისო ვალდებულებები გააჩნია, რასაც პატივს ვცემთ. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ეს ვალდებულებიც განუხრელად შესრულდეს. აქ ერთიანები ვარ. ჩვენ ვართ მუდმივ კომუნიკაციაში, თუ როგორ მოხდეს ახალი რეგულაციის იმპლემენტაცია იმდაგვარად, რომ შესაბამისობაში იყო ჩვენს და მათ საერთაშორისო ვალდებულებებთან“, - განაცხადა მან.

14 სექტემბერს ცნობილი გახდა, რომ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის დოკუმენტის მიხედვით, საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს, სანქციები დაუწესდა საქართველოზე რუსეთის მანკიერი ზეგავლენის საპასუხოდ.

XS
SM
MD
LG