შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატის სპიკერი კევინ მაკარტი ყველაზე დიდი გამოწვევის წინაშე დგას იმ რვა თვის განმავლობაში, რომლის დროსაც ის კონგრესში რესპუბლიკელთა უმრავლესობას ხელმძღვანელობს. ის ცდილობს თავისი დანაწევრებული ფრაქციის შეკავშირებას, რათა ორ კვირაზე ნაკლებ დროში მთავრობის დახურვა თავიდან აიცილოს და იმავდროულად სპიკერის თანამდებობა შეინარჩუნოს.
მაგრამ ხარჯებზე მკაცრი კონტროლის აქტივიზმმა, პოლიტიკის საკითხებმა და იმპიჩმენტმა, წარმომადგენელთა პალატაში რესპუბლიკელთა პოზიციები დაჰყო და ხარჯვითი ნაწილის კანონპროექტის ორპარტიული დამტკიცებისკენ სენატის სვლა შეანელა.
პოლიტიკურმა თამაშებმა უოლ სტრიტის ყურადღების მიპყრობა დაიწყო და ამ წლის დასაწყისში საკრედიტო რეიტინგის კომპანია ფიჩმა, შეერთებული შტატების უმაღლესი AAA კატეგორიის რეიტინგი, AA+ კატეგორიაზე ჩამოაქვეითა.
მაკარტიმ თქვა, რომ იმედი აქვს ამ კვირაში 2024 ფინანსური წლის 886 მილიარდიან თავდაცვის ბიუჯეტზე იმუშავებენ, რომელიც გასულ კვირაში გაჩერდა, რადგან მკაცრი ხაზის მომხრეებმა მას მხარი არ დაუჭირეს და მოითხოვეს, რომ 2024 წლის ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი 1,47 ტრილიონ დოლარს არ აღემატებოდეს. ეს 120 მილიარდით ნაკლებია იმასთან შედარებით, რაზეც მაკარტი და ბაიდენი მაისში შეთანხმდნენ.
რესპუბლიკელების კონტროლირებულ წარმომადგენელთა პალატას და დემოკრატების კონტროლირებულ სენატს დრო 30 სექტემბრამდე აქვთ, რათა ბოლო ათწლეულის განმავლობაში, მთავრობის მეოთხე ნაწილობრივი დახურვა თავიდან აიცილონ. ფედერალური სააგენტოების მუშაობის გასაგრძელებლად მათ უნდა მიიღონ კანონპროექტი ხარჯვითი ნაწილის შესახებ, რომელსაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ხელს მოაწერს და კანონად იქცევა.