მესამე დღეა საბერძნეთში ასობით ადამიანი საკვებისა და წყლის გარეშეა დარჩელი. ქვეყანაში დამანგრეველმა წვიმამ და ქარიშხალმა სულ მცირე, შვიდი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა და ათენს მილიარდობით ევროს ზარალი მიაყენა.
ქარიშხალმა დანიელმა, რომელიც მეტეოროლოგების თქმით, ყველაზე ძლიერი იყო ქვეყნისთვის 1930 წლის შემდეგ, ცენტრალურ საბერძნეთში ნგრევა გამოიწვია. ქარიშხალი ზაფხულის რეკორდულ სიცხეს მოსდევს, რასაც საბერძნეთში მასშტაბური ტყის ხანძრებიც მოჰყვა.
ნიაღვარებმა სახლები წაიღო, ხიდები დაანგრია და გზები გაუვალი გახადა. წვიმამ დააზიანა ელექტროგადამცემი ხაზები და გაანადგურა მოსავალი.
„ვფიქრობ, ჯერ ვერ გავაანალიზეთ ამ კატასტროფის სიდიდე“, - განუცხადა პარასკევს სახელმწიფო მაუწყებელს პროფესორმა ეფთიმიოს ლეკკასმა, კატასტროფების მართვის ექსპერტმა.
პარასკევს, ხელისუფლებამ ევაკუაციის ბრძანება გამოსცა ქვეყნის ცენტრალურ ქალაქ ლარისასთან მდებარე სამ რაიონში, მდინარე პინეიოსის, საბერძნეთში სიდიდით მესამე მდინარის ადიდების საფრთხის გამო.
წყალდიდობის შედეგად შვიდი ადამიანი დაიღუპა. დაკარგულთა რაოდენობა ჯერ კიდევ დაუდგენელია. საბერძნეთის ხელისუფლება მასიურ სამაშველო ოპერაციას მართავს ვერტმფრენებისა და გასაბერი ნავების გამოყენებით.
ბოლო კვირების განმავლობაში ექსტრემალურმა ამინდმა წყალდიდობა გამოიწვია სკანდინავიაში, სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპასა და ჰონგ კონგში. ამის საპირისპიროდ, ინდოეთში ერთ-ერთი ყველაზე მშრალი აგვისტო იყო, საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში.