ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

„გაფართოება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დამყარებული პროცესი" - ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი თბილისშია


საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი თბილისშია და ოფიციალურ ვიზიტს იწყებს. ჯოზეფ ბორელი ამ რანგში თბილისში პირველად იმყოფება და ის საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე პროგრესს შეაფასებს.

ვიზიტის ფარგლებში ბორელს, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი უმასპინძლებს, შეხვედრა დაგეგმილია პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც, ირაკლი ღარიბაშვილი და ჯოზეფ ბორელი მოგვიანებით ერთობლივ პრესკონფერენციას გამართავენ. შეხვედრა დაგეგმილია საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთანაც.

ვიზიტამდე ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი "რადიო თავისუფლებას" ესაუბრა და თქვა: „ჩვენ ვხედავთ, რომ საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობა მტკიცედ უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. საქართველოს მოქალაქეები მტკიცედ ერთგულებენ ევროკავშირის ღირებულებებს, ეს მუდმივად ასე იყო წლების განმავლობაში“.

ბორლემა "რადიო თავისუფლებასთან საუბრის დროს ასევე თქვა, რომ „გაფართოება ყოველთვის იქნება დამსახურებაზე დამყარებული პროცესი". ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან ინტერვიუ ვრცლად იხილეთ აქ.

2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ, 2023 წლის ბოლომდე, ევროპული საბჭოს ლიდერები შეაფასებენ საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს პარლამენტში არსებულ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელსაც შეხვდება, შეხვედრა შედგება სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთანაც.

" უმაღლესი წარმომადგენელი, ვიზიტის დროს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საქართველოში ყოფნის 15 წელს აღნიშნავს, რაც ასახავს ევროკავშირის ერთგულებას საქართველოს უსაფრთხოებისა და კონფლიქტების მშვიდობიანი მოგვარების მიმართ. ის მონაწილეობას მიიღებს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის (EUMM) მიერ ორგანიზებულ მისიაში ადმინისტრაციული საზღვრის გასწვრივ", - აღნიშნულია საგარეო ქმედებათა სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG