ბრიტანეთი გეგმავს, დაქირავებულ მებრძოლთა რუსული დაჯგუფება „ვაგნერი“, ტერორისტულ ორგანიზაციად გამოაცხადოს. ეს გადაწყვეტილება, უკანონოდ აქცევს დაჯგუფების წევრობას, ან მის მხარდაჭერას, - განაცხადა ბრიტანეთის მთავრობამ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, პარლამენტში წარდგენილი ბრძანების პროექტი, ვაგნერის აქტივების კლასიფიცირების და მისი კონფისკაციის საშუალებას შექმნის, როგორც ტერორისტული ორგანიზაციის საკუთრების.
შინაგან საქმეთა მინისტრმა სუელა ბრავერმანმა, „ვაგნერს“ „ძალადობრივი და დესტრუქციული“ უწოდა და თქვა, რომ დაჯგუფება მოქმედებდა, როგორც „პუტინის რუსეთის ინსტრუმენტი საზღვარგარეთ.“
საპასუხოდ, კრემლის სპიკერმა განაცხადა, რომ იურიდიული თვალსაზრისით, „ვაგნერი“ არ არსებობს. „არაფერია საკომეტარო“ - თქვა დმიტრი პესკოვმა, როცა ბრიტანეთის გადაწყვეტილების შესახებ ჰკითხეს.
უკრაინაში, ახლო აღმოსავლეთში და აფრიკაში, ვაგნერი მონაწილეობდა ძარცვაში, წამებაში და „ბარბაროსულ მკვლელობებში“, ნათქვამია ბრიტანეთის განცხადებაში. ლონდონი მას უწოდებს საფრთხე გლობალური უსაფრთხოებისთვის.
„ისინი ტერორისტები არიან და ეს აკრძალვის ბრძანება ამას გაერთიანებული სამეფოს კანონმდებლობაში ასახავს“, - თქვა ბრავერმანმა.
ბრძანება ძალაში 13 სექტემბერს შევა და ორგანიზაციის წევრობა 14 წლამდე პატიმრობას გაითვალისწინებს.