ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი თანამდებობიდან გაათავისუფლეს


სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო.
სოხუმი, აფხაზეთი, საქართველო.

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ვიცე-პრემიერი, სერგეი პუსტოვალოვი თანამდებობიდან გადააყენეს.

პუსტოვალოვის გადაყენების შესახებ განკარგულებას დე ფაქტო, ე.წ. პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ 1 სექტემბერს მოაწერა ხელი. თუმცა, გადაწყვეტილების შესახებ მხოლოდ დღეს, 5 სექტემბერს გახდა ცნობილი.

სერგეი პუსტოვალოვი ვორონეჟში დაიბარა, დაამთავრა ყაზანის სუვოროვის სამხედრო სასწვალებელი. 2004 წლამდე მუშაობდა სარატოვში, 2004-2008 წლებში იყო ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. თავდაცვის მინისტრის თანაშემწე სოციალურ და იურიდიულ საკითხებში. ის 2020 წლიდან მუშაობდა დე ფაქტო, ე.წ. ვიცე-პრემიერად.

მანამდე ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერის პრესსამსახურმა დაადასტურა ინფორმაცია „პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის“, ჯანსუღ ნანბას თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ. განკარგულების თანახმად, გადაწყვეტილება მიღებულია ნანბას სხვა თანამდებობაზე გადასვლასთან დაკავშირებით. დე ფაქტო ადმინისტრაციის ახალ ხელმძღვანელად მეწარმე და საზოგადოებრივი პალატის წევრი აბესალომ კვარჩია დაინიშნა.

4 სექტემბერს, აფხაზური ტელეგრამ-არხებით გავრცელდა ცნობები, რომ თანამდებობიდან გადადგა დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. საგარეო საქმეთა მინისტრი ინალ არძინბა. დღეს, 5 სექტემბერს სააგენტო „ინტერფაქსი“ წერს, რომ არძინბას გადადგომა დაუდასტურა „წყარომ რესპუბლიკის მთავრობაში“, თუმცა, ე.წ. „პრეზიდენტ“ ბჟანიას არძინბას განცხადება ჯერჯერობით არ დაუკმაყოფილებია.

XS
SM
MD
LG