აშშ-ის ელჩი ეუთოში, მაიკლ კარპენტერი აცხადებს, რომ აშშ-ის სტრატეგიული ინტერესია, საქართველო ევროკავშირისა და ნატოს წევრი გახდეს, - და ამ მიზნის მიღწევაში დაეხმარება ქვეყანას, თუმცა მმართველმა გუნდმა მართვის სადავეები უნდა აიღოს ხელში.
„დავიწყოთ შეერთებული შტატების მთავრობის პერსპექტივით: ჩვენ გვინდა და გვჭირდება, საქართველო მტკიცედ იყოს ინტეგრირებული ევროატლანტიკურ ინსტიტუციებში. ეს, საქართველოს დემოკრატიის გაღრმავებასთან ერთად, ჩვენი ეროვნული ინტერესია“, - განაცხადა 4 სექტემბერს მაიკლ კარპენტერმა თბილისის მე-7 საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „პუტინიზმის დამარცხება".
ელჩი კარპენტერის განცხადებით, ევროკავშირის გაფართოების ახლანდელი ტალღა შესაძლებლობის ფანჯარაა საქართველოსთვის: „თუ გავითვალისწინებთ, რომ ოქტომბერში გამოქვეყნდება ევროკომისიის ანგარიში და შემდეგ, წლის ბოლოს, ევროკავშირის საბჭო მიიღებს გადაწყვეტილებას მის ევროპულ მომავალზე, ეს შესაძლებლობის ფანჯარაა“.
„ამ დროს კაცი იფიქრებდა, რომ ეს მთავრობა გააორმაგებდა ძალისხმევას, ყველა ღონეს იხმარდა, რათა ეპოვა გზა ამ შესაძლებლობის გამოსაყენებლად. ეს ფანჯარა შესაძლოა გარკვეული პერიოდის განმავლობაში აღარც გამოჩნდეს. და იგივეს ვიტყოდი ნატოსთან დაკავშირებითაც“, - განაცხადა მან.
„ვიცი, რომ ქართველებმა უზარმაზარი ფასი გადაიხადეს 2008 წელს და ისინი იმსახურებენ ინტეგრაციას: ისინი ევროპელები არიან ისტორიულად, კულტურულად და პოლიტიკურად, - როგორც დემოკრატია. ზოგჯერ ტკივილებით სავსე, მაგრამ როგორც დემოკრატია. ასე რომ, ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ ამ მიზნის მიღწევაში, მაგრამ მათ ასევე უნდა აიღონ სადავეები საკუთარ ხელში და უზრუნველყონ, რომ ეს შესაძლებლობა არ დაიკარგოს“, - განაცხადა მაიკლ კარპენტერმა.
ევროკავშირის მაღალჩინოსნები სულ უფრო ხშირად ასახელებენ 2030 წელს ახალი წევრების მიღების საორიენტაციო ვადად. უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ წარმოქმნილ გაფართოების ახალ ტალღაში მოხვედრის თეორიული შანსი საქართველოსაც აქვს.
Facebook Forum