ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

აშშ-ის ვაჭრობის მდივანმა ჩინეთი "ჩართულობის გაგრძელების იმედით" დატოვა


ჩინეთში ოთხდღიანი ვიზიტის დასასრულს შეერთებული შტატების ვაჭრობის მდივანმა ჩინეთში ამერიკული ბიზნესების მხრიდან ინვესტირების სურვილის შესახებ ისაუბრა და ბაზარზე წვდომის საკითხებში, ჩინელ ოფიციალურ პირებთან შემდგომი ჩართულობის იმედიც გამოთქვა.

შანხაიში გამართულ პრესკონფერენციაზე, ჯინა რაიმონდომ თქვა, რომ ჩინელ ოფიციალურ პირებთან პირველი შეხვედრიდან, რაიმე მნიშვნელოვან გარღვევას არ ელოდა იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც ამერიკულ კომპანიებს შეეხება, მათ შორის როგორიცაა Intel (INTC.O), Micron (MU.O), Boeing (BA.N), Visa (V.N) და Mastercard (.MA.N). თუმცა, მისივე თქმით, იმედოვნებდა, რომ პეკინსა და შანხაიში გამართული ოთხდღიანი ოფიციალური ვიზიტის შემდეგ, „გარკვეულ შედეგებს იხილავს“.

რაიმონდომ თქვა, ჩინეთის მთავრობის ზოგიერთი პოზიტიური მოქმედების ფონზე, ამერიკულ ბიზნეს კომპანიებს შორის, ჩინეთთან საქმიანი ურთიერთობის სურვილი არსებობს. მისივე თქმით, ადგილზე ვითარება პეკინის რიტორიკასთან თანხვედრაში უნდა იყოს.

"ამერიკის ბიზნესებს შორის არის სურვილი, [ჩინეთში] ბიზნესის კეთება გააგრძელონ. ბაზარი უზარმაზარია. შეერთებული შტატების ბიზნესებს სურთ აქ ბიზნესის კეთება, მაგრამ მათ უნდა ჰქონდეთ პროგნოზირებადი მარეგულირებელი გარემო“, - განაცხადა რაიმონდომ.

შეშფოთების ფონზე, რომ ორ ზესახელმწიფოს შორის უთანხმოება, შესაძლოა უკონტროლო გახდეს, რაიმონდო პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის ერთ-ერთი უკანასკნელი წარმომადგენელია, რომელიც ბოლო ხანებში ჩინეთს ოფიციალურად ეწვია. რაიმონდო ირწმუნება, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს ჩინეთთან „გაყრა”.

„მე [ჩინეთიდან] მივდივარ გარკვეული ოპტიმიზმით”, - თქვა მან ბევრ რთულ საკითხზე ორ ქვეყანას შორის დიალოგის გაგრძელების შესახებ შეთანხმების თაობაზე. „ჩვენ არ შეგვიძლია, უფრო დიდი კონფლიქტის შესაძლებლობა დავუშვათ. ეს არ არის კარგი შეერთებული შტატებისთვის, ეს არ არის კარგი ჩინეთისთვის, ეს არ არის კარგი მსოფლიოსთვის“, - თქვა რაიმონდომ.

სამშაბათს, პეკინიდან შანხაის მიმართულებით მატარებლით მგზავრობისას, ამერიკის ვაჭრობის მდივანმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამერიკული კომპანიები წუხილს გამოთქვამენ იმის გამო, რომ ჩინეთი „არაინვესტირებადი“ გახდა. ის მიუთითებდა იმ ჯარიმებზე, რეიდებსა და სხვა ქმედებებზე, რამაც მსოფლიოს სიდიდით მეორე ეკონომიკის მქონე ქვეყანაში ბიზნეს საქმიანობა სარისკო გახადა. ოთხშაბათს კი მდივანმა რაიმონდომ თქვა: ”ხშირ შემთხვევაში, ამერიკული ბიზნესის მოთმინება იწურება და დროა ვიმოქმედოთ”.

ამასთან, ამერიკის ვაჭრობის მდივნის თქმით, მან ჩინელ ოფიციალურ პირებს უთხრა, რომ მისი ელექტრონული ფოსტა ჰაკერების სამიზნე გახდა და რომ ეს „მოქმედებები ნდობას ძირს უთხრის“. საინფორმაციო სააგენტო "როიტერი“ ივლისში იტყობინებოდა, რომ რაიმონდო იმ ამერიკელ ოფიციალურ პირებს შორის იყო, რომელთა ელ-ფოსტები, წლის დასაწყისში, ჩინეთში დაფუძნებული კომპანიის ჰაკერული თავდასხმის ობიექტი იყო.

ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სპიკერმა ვანგ ვენბინმა განაცხადა, რომ „ეკონომიკური და სავაჭრო საკითხების პოლიტიზირება და სეკურიტიზაცია (ფინანსური პრაქტიკა სხვადასხვა სახის სახელშეკრულებო ვალის გაერთიანების და მათთან დაკავშირებული ფულადი ნაკადების გაყიდვაs მესამე მხარის ინვესტორებზე) არა მხოლოდ სერიოზულად აისახება ორ ქვეყანას შორის ურთიერთობასა და ურთიერთნდობაზე, არამედ, ასევე, ზიანს აყენებს მათი ბიზნესისა და ერების ინტერესებს“.

რაიმონდომ თქვა, რომ ექსპორტის კონტროლის დიალოგი მიზნად სწორედ გაუგებრობების შემცირებას ისახავს. ”პირველ შეხვედრაზე ჩვენ შევძელით გარკვევა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ჩინეთი ჩვენი სამიზნე გახდეს. ჩვენი სამიზნეა ქმედებები და ქცევები, რომლებიც ძირს უთხრის ამერიკის ეროვნულ უსაფრთხოებას“, - განაცხადა რაიმონდომ და კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ შეერთებულ შტატებს არ სურს მოლაპარაკება ან ექსპორტის კონტროლის შეცვლა.

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG