ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ბლოკადის მიუხედავად, ოდესიდან სატვირთო გემი გავიდა


ჰონგ-კონგის დროშით, სატვირთო გემმა Joseph Schulte უკრაინის ოდესის პორტი 16 აგვისტოს დატოვა.
ჰონგ-კონგის დროშით, სატვირთო გემმა Joseph Schulte უკრაინის ოდესის პორტი 16 აგვისტოს დატოვა.

შავ ზღვაზე მდებარე უკრაინის საპორტო ქალაქი ოდესა ჰონგ-კონგის დროშით მოძრავმა სატვირთო გემმა დატოვა. ინფორმაციას უკრაინის მთავრობის წარმომადგენელი სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" ავრცელებს.

უკრაინის ვიცე-პრემიერის, ოლექსანდრ კუბრაკოვის თქმით, გემი Joseph Schulte ოდესაში ომის დაწყებამდე ერთი დღით ადრე, 2022 წლის 23 თებერვლიდან იყო "ჩაკეტილი". კიევი აცხადებს, რომ რუსეთის ბლოკადის მიუხედავად, კომერციულ გემებს მისცემს საშუალებას, რომ დროებითი „ჰუმანიტარული დერეფნის“ მეშვეობით, მისი პორტები დატოვონ.

გემმა ოდესა 16 აგვისტოს, ადრე დილით დატოვა. წინასწარი მონაცემებით, მასზე 2 000-მდე კონტეინერია, რომლებიც 30 000-მდე ტონა საექსპორტო საქონელს იტევს.

კიევმა განცხადება ე.წ ჰუმანიტარული დერეფნის გახსნაზე 8 აგვისტოს გააკეთა. უკრაინა ოდესის გარდა, ქვეყნის დატოვების საშუალებას შავი ზღვის ჩერნომორსკის და პივდენნის პორტებში გაჭედილ გემებსაც აძლევს.

რუსეთს ამ ფაქტზე ჯერ კომენტარი არ გაუკეთებია. მოსკოვს არც მანამდე უთქვამს არაფერი უკრაინის ჰუმანიტარული დერეფნის ინიციატივაზე. თუმცა, მანამდე განაცხადა, რომ ნებისმიერი გემი, რომელიც უკრაინის შავი ზღვის პორტებში გადააადგილდება, რუსეთის მიერ აღქმული იქნება, როგორც სამხედრო ტვირთის პოტენციური გადამზიდი.

13 აგვისტოს რუსეთის სამხედრო გემმა გამაფრთხილებელი გასროლით შეაჩერა სატვირთო გემი, რომელიც უკრაინაში, მდინარე დუნაიზე, იზმირის პორტს უახლოვდებოდა. გემი მხოლოდ მას შემდეგ გაატარეს, რაც მასზე რუსეთის არმიის წარმომადგენლები დაუშვეს და ჩხრეკის უფლება მისცეს.

ამ დრომდე, ჰონგ-კონგის დროშით მოძრავი სატვირთო გემი Joseph Schulte პირველი კომერციული გემია, რომელმაც უკრაინის შავი ზღვის პორტი ბოლო ერთი თვის განმავლობაში დატოვა. რუსეთმა ერთი თვის წინ, 17 ივლისს განაცხადა, რომ ექსპორტზე გაეროს და თურქეთის შუამავლობით მიღწეულ მარცვლეულის შეთანხმებას ტოვებდა.

"შავი ზღვის ინიციატივის" სახელით ცნობილი შეთანხმება საშუალებას აძლევდა კიევს, შავი ზღვის პორტებიდან მსოფლიოსთვის კრიტიკულად მნიშვნელოვანი საექსპორტო პროდუქცია გაეტანა. საუბარია უკრაინულ მარცვლეულზე, სხვა სურსათზე და ასევე სასუქზე. გაერომ მოსკოვის გადაწყვეტილება გააკრიტიკა და თქვა, რომ ეს "დიდი დარტყმაა გასაჭირში მყოფი ადამიანებისთვის".

მას შემდეგ, კრემლმა გაზარდა საჰაერო იერიშები ოდესაზე და მის საპორტო ინფრასტრუქტურაზე. რუსეთის დრონებმა ღამით, 16 აგვისტოს გათენებამდეც დაბომბეს "დუნაის ერთ-ერთი პორტი, დააზიანეს რა საწყობები და ხორბლის საცავები" - აცხადებს ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის მეთაური ოლეგ კიპერი. მისი თქმით, უკრაინამ ოდესის თავზე მარტო ამ ერთ ღამეში, რუსეთის 11 დრონი ჩამოაგდო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG