ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რელიგიური შეტაკებების შემდეგ მუსლიმები ინდური ბიზნეს ჰაბიდან გაიქცნენ


INDIA-CLASHES/
INDIA-CLASHES/

ინდოეთის პოლიციამ და ადგილობრივმა სათემო ჯგუფმა განაცხადეს, რომ ამ თვეში, ინდუისტებსა და მუსლიმებს შორის შეტაკებებისა და მუსლიმებზე ცალკეული თავდასხმების შემდეგ, ნიუ-დელის გარეუბანში მდებარე ბიზნეს ჰაბიდან 3000-ზე მეტი მუსულმანი სასიკვდილო საფრთხისგან თავის ასარიდებლად გაიქცა.

ინდოეთის დედაქალაქის მეზობელ ჰარიანას შტატის ოლქებში მომხდარი შეტაკებების დროს შვიდი ადამიანი მოკლეს. შეტაკებებიდან ერთი კვირის შემდეგ, როდესაც სააგენტო „როიტერი“ ორ რაიონს ეწვია, მუსლიმების კუთვნილ მაღაზიებს, ფარდულებსა და სახლებს ბოქლომები ედო.

ძალადობა 31 ივლისს მას შემდეგ დაიწყო, რაც ინდუისტების რელიგიურ პროცესიას თავს დაესხნენ . პროცესია მმართველ ნაციონალისტურ ბჰარათია ჯანათა პარტიასთან იდეოლოგიურად დაკავშირებული ჯგუფების მიერ იყო ორგანიზებული. ამის საპასუხოდ ინდუისტები თავს მეჩეთს დაესხნენ. პოლიციამ არეულობის ჩახშობა 48 საათში მოახერხა, მაგრამ მუსლიმებზე მცირე თავდასხმები დღეების განმავლობაში გრძელდებოდა.

ქვების სროლამ, ცეცხლის წაკიდების შემთხვევებმა და ორი პატარა ისლამური სამლოცველოს წინააღმდეგ ვანდალურმა ქმედებებმა, ასობით მუსლიმი ოჯახი აიძულა სახლი მიეტოვებინა. მოწმეების თქმით, ქალაქიდან გასვლამდე ოჯახები თავშესაფრის მოძებნას რკინიგზის სადგურზე ცდილობდნენ.

ინდოეთის მოსახლეობის უმრავლესობის მქონე ინდუსებსა და უმცირესობაში მყოფ მუსლიმებს შორის დაძაბულობა ისეთი საკითხების გამო გამწვავდა, როგორიცაა ძროხის ხორცის ჭამა და სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანებს შორის ქორწინება.

1.5-მილიონიან ქალაქში არსებულმა პრობლემამ ძალადობისა და მუშაობის შეფერხების რისკების წინაშე დააყენა იქ ბაზირებული ისეთი მრავალეროვნული კომპანიები, როგორიცაა „გუგლი,“ „ამერიკან ექსპრესი,“ „დელი,“ „სამსუნგი,“ „ერნსტ&იანგი“ და სხვები.

XS
SM
MD
LG