ინდოეთის საგადასახადო ოფისის ოფიცრებმა დელიში და მუმბაიში მდებარე ბრიტანული მაუწყებლის "ბი-ბი-სი" (BBC) ბიუროები გაჩხრიკეს. სამშაბათს, 14 თებერვალს მოწყობილ რეიდს რამდენიმე კვირით წინ უსწრებდა მაუწყებლის მიერ მომზადებული კრიტიკული შინაარსის დოკუმენტური ფილმი, რომელიც შეეხებოდა პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის როლს 2002 წლის ამბოხში.
დოკუმენტური ფილმის ფოკუსში ინდუსი ნაციონალისტის ლიდერობის სტილია. ნარენდრა მოდის მმართველობის დროს, ინდოეთის დასავლეთით მდებარე შტატ გუჯარატში დაწყებულ ამბოხში, 2002 წელს, სულ ცოტა, 1000 ადამიანი მოკლეს. მათი უმრავლესობა მუსლიმი იყო. თუმცა, ადგილობრივი აქტივისტები ფიქრობენ, რომ მსხვერპლის რაოდენობა გაცილებით მეტი იყო და ოფიციალურ მონაცემებს მინიმუმ ორჯერ აღემატებოდა.
"საგადასახადოს ოფიციალური პირები ამ წუთებში დელიში და მუმბაიში მდებარე "ბი-ბი-სის" ოფისებში იმყოფებიან. ჩვენ მათთან სრულად ვთანამშრომლობთ. იმედი გვაქვს, სიტუაცია რაც შეიძლება მალე გაირკვევა" - განაცხადა ბრიტანულმა მაუწყებელმა. სააგენტო "როიტერს" დელის ბიუროს თანამშრომლებმა უთხრეს, რომ საგადასახადოს ოფიცრები საბუღალტრო განყოფილებას ესაუბრებიან და ბიუროს დატოვების უფლება არავის აქვს.
ბრიტანეთის საგარეო უწყების განცხადებით, ოფიციალური ლონდონი მიმდინარე სიტუაციას დაკვირვებით ადევნებს თვალს. მედიის უფლებადამცველებმა მომხდარი უკვე დაგმეს და ბიუროებში ჩატარებული ჩხრეკა "ბი-ბი-სის" მიერ მომზადებულ, მთავრობის მიმართ კრიტიკულად განწყობილ დოკუმენტურ ფილმს დაუკავშირეს.
ანონიმურობის დაცვის პირობით, ინდოეთის საგადასახადო უწყების ერთ-ერთი ოფიციალური პირი ამბობს, რომ მათ დეპარტამენტში მნიშვნელოვანი გამოძიება მიმდინარეობს. თავად ინდოეთის საგადასახადო უწყება მედიასთან ოფიციალურ განცხადებას ჯერჯერობით არ აკეთებს.