ამერიკელი პოლიტიკოსი კრის კრისტი 4 აგვისტოს უკრაინაში ჩავიდა და კიევში პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვდა. კრისტი ნიუ-ჯერსის შტატის ყოფილი გუბერნატორია და ახლა 2024 წლის საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანიაში რესპუბლიკური პარტიიდან მონაწილეობს.
კრის კრისტიმ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი შეერთებული შტატების მხარდაჭერას უკრაინის მიმართ, რომელიც უკვე 17 თვეა რუსეთის ფართომასშტაბიან თავდასხმასთან გამკლავებას ცდილობს. კრისტიმ ქალაქ ბუჩაში მასობრივი სასაფლაოც მოინახულა. რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ მიყენებული ზიანი ნახა ქალაქ ირპინშიც. ბოლოს კი დედაქალაქ კიევში პრეზიდენტ ზელენსკის და სხვა ოფიციალურ პირებს ესაუბრა.
"უკრაინისთვის მეტი დახმარების მომხრე ვარ, გაცილებით მნიშვნელოვანი დახმარების, ფართო დახმარების", - უთხრა მან ზელენსკის. უკრაინის პრეზიდენტმა კი რესპუბლიკელ პოლიტიკოსს უპასუხა, რომ მისგან "მართლაც მნიშვნელოვანია ასეთი სიტყვების მოსმენა".
კრისტის ჩასვლამდე, კიევში კიდევ ერთი რესპუბლიკელი საპრეზიდენტო კანდიდატი, ამერიკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მაიკ პენსი იმყოფებოდა. პრეზიდენტ ზელენსკის შეერთებული შტატების ურყევი მხარდაჭერა მანაც დაუდასტურა.
Facebook Forum