რუსეთი ოთხშაბათს თავს დაესხა უკრაინის მთავარ შიდა პორტს მდინარე დუნაიზე, რუმინეთის საზღვართან. თავდასხმამ გლობალურად სურსათზე ფასების კიდევ უფრო მეტი ზრდა გამოიწვია. მოსკოვის მიზანი უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის კიდევ უფრო გართულებაა.
თავდასხმამ გაანადგურა შენობები ისმაილის პორტში და შეაჩერა ის გემები, რომლებიც მარცვლეულით დასატვირთად იყო მომზადებული.
უკრაინის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ კუბრაკოვმა თქვა, რომ დრონების გამოყენებით განხორციელებულმა რუსულმა თავდასხმამ დააზიანა თითქმის 40 000 ტონა მარცვლეული, რომელიც განკუთვნილი იყო აფრიკის ქვეყნებისთვის, ასევე ჩინეთისა და ისრაელისთვის.
„რუსმა ტერორისტებმა კიდევ ერთხელ შეუტიეს პორტებს, მარცვლეულს, გლობალურ სასურსათო უსაფრთხოებას“, - განაცხადა პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ „ტელეგრამზე“.
რუსეთის სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო „რიამ“ განაცხადა, რომ დაზიანებული პორტისა და მარცვლეულის ინფრასტრუქტურა, სამხედრო ტექნიკისა და უცხოელი დაქირავებული მებრძოლების თავშესაფრად გამოიყენებოდა. თავდასხმას ოდესის გუბერნატორის თქმით, მსხვერპლი არ მოჰყოლია.
კომერციული გემების გადაადგილების მონაცემებმა აჩვენა, რომ ათობით საერთაშორისო გემმა ღუზა დუნაის შესართავთან ჩაუშვა. გემები, რუსეთის ბლოკადის გვერდის ავლით ცდილობდნენ უკრაინიდან მარცვლეულის გატანას.
მდინარის გადაღმა ნატოს წევრი რუმინეთის პორტი მთავარი ალტერნატიული მარშრუტია უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტისთვის. ივლისის შუა რიცხვებიდან მოყოლებული რუსეთის მიერ ე.წ. მარცვლეულის შეთანხმების დატოვებამ უკრაინის შავი ზღვის პორტებში მიმოსვლა შეაჩერა.
საზღვაო ნავსადგურის ხელმძღვანელმა იური ლიტვინმა „ფეისბუქზე“ განაცხადა, რომ სარემონტო სამუშაოები უკვე დაწყებულია და პორტის ინფრასტრუქტურა მუშაობს.
უკრაინა მარცვლეულის ერთ-ერთი წამყვანი ექსპორტიორია მსოფლიოში. რუსეთი ორ კვირაზე მეტია თავს ესხმის მის სასოფლო-სამეურნეო და საპორტო ინფრასტრუქტურას. ეს მას შემდეგ, რაც მოსკოვმა უარი თქვა შეთანხმების გაგრძელებაზე, რომელიც საშუალებას იძლეოდა ომის დროს უკრაინის პორტების გამოყენებით მარცვლეული შავი ზღვის გავლით გასულიყო საერთაშორისო ბაზარზე და მყიდველებამდე.
პარალელურად, პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ტელეფონით ესაუბრა თურქეთის პრეზიდენტ, რეჯეპ ტაიპ ერდოღანს, რომელიც ორ ქვეყანას შორის მარცვლეულის ექსპორტის საკითხებზე, გაეროსთან ერთად შუამავლის როლს თამაშობს.
კრემლმა განაცხადა, რომ პუტინმა გაიმეორა რუსეთის მოთხოვნა მარცვლეულის ხელშეკრულების განახლებისთვის -- რომ განხორციელდეს ის პარალელური შეთანხმება, რომელიც ხელს შეუწობს მოსკოვის საკვებისა და სასუქების ექსპორტს. ეს ექსპორტი უკვე გათავისუფლებულია სანქციებისგან.
თურქეთმა განაცხადა, რომ ერდოღანი და პუტინი შეთანხმდნენ, რომ რუსეთის ლიდერი მალე ეწვევა ანკარას. ერდოღანი აცხადებს, რომ იმედოვნებს პუტინს უმასპინძლებს და დაარწმუნებს, რომ კვლავ შეუერთდეს მარცვლეულის შეთანხმებას.
მოსკოვმა უკრაინის მარცვლეულის ინფრასტრუქტურაზე ბოლო თავდასხმებს "შურისძიება" უწოდა იმ სავარაუდოდ უკრაინული თავდასხმის პასუხად, რომელიც ყირიმთან დამაკავშირებელ ხიდზე მოხდა. ხიდი კი ანექსირებული რეგიონის გავლით, სამხრეთ უკრაინაში მისი საოკუპაციო ჯარების მომარაგებისთვის მნიშვნელოვვნად გამოიყენება.
კიევი ამბობს, რომ რუსული დარტყმების მიზანია სადაზღვევო კომპანიების დარწმუნება იმაში, რომ უკრაინის პორტები ექსპორტის განახლებისთვის სახიფათოა.
”მტრის პრიორიტეტია დაარწმუნოს საერთაშორისო საზოგადოება და განსაკუთრებით კი გემის მფლობელი კომპანიები, რომ... ნავიგაცია უკრაინის მიერ კონტროლირებადი პორტების მიმართულებით სახიფათოა”, - თქვა ნატალია ჰუმენიუკმა, სამხრეთ უკრაინაში სამხედრო სპიკერმა.
უკრაინისთვის, დუნაის პორტები, როგორიც ისმაილია, მარცვლეულის ექსპორტის დაახლოებით მეოთხედს უზრუნველყოფდა. თუმცა ეს მანამდე იყო, ვიდრე რუსეთი შავი ზღვის შეთანხმებას დატოვებდა და ეს მთავარი მარშრუტი გახდებოდა.
Facebook Forum