ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პუტინი ერდოღანთან საუბრისას მარცვლეულის შეთანხმების თაობაზე თავის პოზიციას იმეორებს


რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა თურქ კოლეგა რეჯეპ ტაეპ ერდოღანთან სატელეფონო საუბარში განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა დაუბრუნდეს შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებას მაშინვე, როგორც კი დასავლეთი რუსული მარცვლეულის ექსპორტთან დაკავშირებით საკუთარ ვალდებულებებს შეასრულებს.

საერთაშორისო შეთანხმება, რომელსაც მხარეებმა თურქეთისა და გაეროს შუამავლობით გასული წლის ივლისში მიაღწიეს, რუსეთმა 2023 წლის 17 ივლისს დატოვა.

ოფიციალური მოსკოვი ამბობს, რომ მარცვლეულის შეთანხმებაში მისთვვის არათანაბარი და წამგებიანი პირობებია და იქამდე არ დაუბრუნდება შეთანხმებას, ვიდრე - დასავლეთი რუსეთის მთავარ ბანკზე ზოგიერთ სანქციას არ მოხსნის და რუსეთს საკუთარი მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტის გამარტივებულ საშუალებას არ მისცემს.

"[პრეზიდენტების საუბრის დროს] აღინიშნა, რომ მარცვლეულის გარიგებაში, რუსული ნაწილის განხორციელებაში პროგრესის სრული არარსებობის პირობებში, მისმა შემდგომმა გაფართოებამ ყოველგვარი აზრი დაკარგა", - ნათქვამია პუტინისა და ერდოღანის სატელეფონო ზართან დაკავშირებულ განცხადებაში, რომელიც კრემლმა გამოქვეყნა.

კრემლის მიერ გავრცელებულ განცხადებაში, ასევე ვკითხულობთ, რომ რუსეთი შეთანხმებას დაუბრუნდება "მაშინვე, როგორც კი დასავლეთი რეალურად შეასრულებს რუსეთის წინაშე დაკისრებულ ყველა ვალდებულებას".

რუსული მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტზე დასავლეთს სანქციები არ აქვს დაწესებული, მაგრამ მოსკოვში ამბობენ, რომ გადახდების სისტემაზე, ლოჯისტიკასა და დაზღვევაზე დაწესებული სანქციების გამო მათი მარცვლეულის ექსპორტს მნიშვნელოვანი წინააღმდეგობა ექმნება და ზიანი ადგება.

ამერიკის სპეციალური წარმომადგენელი გაეროში ამბობს, რომ არსებობს "მინიშნება" იმისა, რომ რუსეთი შესაძლოა დაინტერესებული იყოს შეთანხმებაში დაბრუნებით. თუმცა ამასთან დაკავშირებულ შეკითხვაზე პასუხად კრემლის სპიკერმა, დმიტრი პესკოვმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმას, რომ რუსეთი სწორედ დასავლეთისგან ელოდება საჭირო ქმედებებს.

XS
SM
MD
LG