ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში, ომის მომხრე იგორ გირკინი პუტინის კრიტიკის შემდეგ დააკავეს


რუსეთში ცნობილი ნაციონალისტი იგორ გირკინი დააკავეს. მან ცოტა ხნის წინ პრეზიდენტი პუტინი და სამხედრო ლიდერები გააკრიტიკა და თქვა, რომ უკრაინაში ომი საკმარისი სიმტკიცითა და ეფექტურობით არ არის წარმართული.

გირკინის დაკავების შესახებ მისმა ცოლმა და ადვოკატმა განაცხადეს. მათი თქმით, სავარაუდოდ, ხელისუფლების წარმომადგენლები გირკინის მიერ ე.წ. "სპეციალური სამხედრო ოპერაციის" კრიტიკით დაიღალნენ.

გირკინი, რომელსაც ასევე "სტრელკოვის" სახელით იცნობენ, ყოფილი სამხედრო მეთაური და ომის ვეტერანია. მან, 2014 წელს, ყირიმის ანექსიაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა. მოგვიანებით კი, რუსულ და პრო-რუსულ სეპარატისტულ ძალებს, უკრაინის აღმოსავლეთში მობილიზებაში ეხმარებოდა.

მალაიზიური ავიახაზების თვითმფრინავის ჩამოგდების საქმეზე, ნიდერლანდების სასამართლოს მიერ, გირკინს დაუსწრებლად სამუდამო პატირმობა აქვს მისჯილი. 2014 წლის 17 ივლისს, აღმოსავლეთ უკრაინის თავზე რეისი MH17-ის ჩამოგდებას, ბორტზე მყოფი 298-ვე ადამიანი ემსხვერპლა.

რუსეთის ფედერალური უშიშროების სამსახურის ყოფილი ოფიცერი, მისი დამსახურებისა და უმაღლეს ეშელონებში კავშირების გამო, წლების განმავლობაში ხელშეუხებლად ითვლებოდა. თუმცა, ბოლო თვეებში ის ხელისუფლების მიმართ უფრო კრიტიკული გახდა.

გირკინმა მაისში თქვა, რომ მან და მისმა თანამოაზრეებმა "გაბრაზებული პატრიოტების კლუბი" შექმნეს, რათა პოლიტიკური საქმიანობა დაეწყოთ და რუსეთი გადაერჩინათ იმისგან, რასაც ის უკრაინაში სამხედრო წარუმატებლობებთან დაკავშირებული არეულობის საფრთხეს უწოდებდა.

18 ივლისს, საკუთარ "ტელეგრამ" არხზე გირკინმა გამორჩეულად კრიტიკული განცხადება გამოაქვეყნა, პირდაპირ გააკრიტიკა პრეზიდენტი პუტინი და მოუწოდა, გადასცეს ძალაუფლება ვინმეს, "ვისაც მართლაც აქვს მართვის შესაძლებლობა და პასუხისმგებლობა".

გირკინის ეს განცხადებბა სოციალურ ქსელში 760 000-ზე მეტმა ადამიანმა წაიკითხა. მიროსლავა რეგინსკაია, გირკინის ცოლი ამბობს, რომ გამომძიებლები მათ სახლში პარასკევს, 21 ივლისს, დილის 11:30-ზე მივიდნენ. ის სახლში არ იყო, მაგრამ კონსიერჟის თქმით, მათ მისი მეუღლე დაკავებული გამოიყვანეს და უცნობი მიმართულებით წაიყვანეს. რეგინსკაია ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გირკინს ექსტრემიზმში სდებენ ბრალს, თუმცა მის შესახებ ჯერ არაფერი იცის. კომენტარი არც სამართალდამცავ უწყებებში გაუკეთებიათ.

XS
SM
MD
LG