ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გამოკითხვა: რესპუბლიკელთა თითქმის ნახევარი ტრამპის კანდიდატად დასახელებას ემხრობა


დონალდ ტრამპს თავისივე პარტიის წევრთა შორის მხარდამჭერთა იმაზე მეტი რაოდენობა ჰყავს, ვიდრე მის სერიოზულ მოწინააღმდეგეს - ფლორიდის გუბერნატორ რონ დესანტისს.

"როიტერისა" და "იპსოსის" ერთობლივი, 7-დღიანი გამოკითხვით ჩანს, რომ ტრამპის რეიტინგი ივნისის მონაცემებთან შედარებით, რამდენიმე პროცენტითაც კია გაუმჯობესებული და ახლა რესპუბლიკელთა 47% ემხრობა იმას, რომ ის პარტიის საპრეზიდენტო კანდიდატი იყოს. დესანტისის ნომინირებას კი 19% უჭერს მხარს.

დანარჩენი რესპუბლიკელი პოლიტიკოსები, რომლებმაც არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვეს, ტრამპსა და დესანტისს მნიშვნელოვნად ჩამორჩებიან. ვივეკ რამასვომის კანდიდატად ნახვა, გამოკითხვის თანახმად, რესპუბლიკელთა 9%-ს სურს, ყოფილ ვიცე-პრეზიდენტს, მაიკ პენსს კი ნომინაციაში 7% უჭერს მხარს.

რამასვომს ივნისის იგივე გამოკითხვაში მხოლოდ 3% უჭერდა მხარს. ბიოტექნოლოგიური კომპანიის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი თავისი კანდიდატურის პოპულარიზებაში დიდ თანხას ხარჯავს. შაბათს თქვვა, რომ საკუთარი კამპანიისთვის დაახლოებით 15 მილიონი დოლარი გამოყო.

"როიტერისა" და "იპსოსის" ერთობლივ კვლევაში 4 414 ზრდასრული მოქალაქე მონაწილეობდა მთელი ქვეყნის მასშტაბით. მისი ცდომილება დაახლოებით +/- 2% შეიძლება იყოს. როგორც ირკვევა, დონალდ ტრამპი კვლავ მოქმედი დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის უმთავრესი მეტოქეა. გამოკითხული მოქალაქეებიდან, რომლებსაც ჰიპოთეეტურად ბაიდენსა და ტრამპს შორის უნდა გაეკეთებინათ არჩეევანი, 37% ბაიდენს დაუჭერდა მხარს, ტრამპს კი - 35%. გამოკითხულთა 28% ამბობს, რომ მათ ჯერ ან არ გადაუწყვეტიათ ვის მისცენ ხმა, ან სხვა კანდიდატს დაუჭერენ მხარს.

ამასთან, საინტერესოა, რომ პარტიის წევრთა მიღმა, მოქალაქეებს არც ტრამპი მოსწონთ, და არც - ბაიდენი. რაც შეეხება დამოუკიდებელ ამომრჩეველს, მათგან 31% ტრამპის მიმართაა დადებითად განწყობილი, 32 კი - უფრო ბაიდენის.

80 წლის ბაიდენი ამერიკის ყველაზე ხანდაზმული პრეზიდენტია. გამოკითხულ დემოკრატთა 63 % ამბობს, რომ ის მთავრობის ლიდერობისთვის ზედმეტად ასაკოვანია. 37% კი ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება. მაგრამ მიუხედავად ამისა, ბაიდენი საკუთარ პარტიაში უფრო პოპულარულია, ვიდრე ტრამპი - რესპუბლიკელებში. პარტიის 63% ბაიდენს მხარს უჭერს. ვაქცინების მოწინააღმდეგე აქტივისტს - უმცროს რობერტ ფიცჯერალდ კენედის 15%-იანი მხარდაჭერა აქვს.

XS
SM
MD
LG