ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

სტეფანაკერტში ლაჩინის დერეფნის ბლოკადას აპროტესტებენ


14 ივლისს, მთიანი ყარაბაღის ადმინისტრაციულ ცენტრ სტეფანაკერტში, ათასობით ადამიანი შეიკრიბა. მათ აზერბაიჯანის მიერ ლაჩინის დერეფნის ბლოკადა გააპროტესტეს. დერეფანი ერთადერთი სახმელეთო დამაკავშირებელია სეპარატისტულ რეგიონსა და სომხეთს შორის.

აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურმა 11 ივლისს განაცხადა, რომ ლაჩინის დერეფანში მოძრაობა შეჩერებულია გამოძიების დასრულებამდე, მას შემდეგ, რაც ბაქოს თქმით, სომხეთიდან შემოსულ წითელი ჯვრის მანქანებში, „სხვადასხვა სახის კონტრაბანდა“ აღმოაჩინეს.

ამ ნაბიჯმა გამოიწვია შეშფოთება ადგილზე ჰუმანიტარული კრიზისის გამო. სომხეთის თქმით, რეგიონი სურსათის დეფიციტს განიცდის.

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა იმედი გამოთქვა, რომ 15 ივლისს ბრიუსელში აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევთან შეხვედრისას, სამშვიდობო მოლაპარაკებებში, გარკვეული პროგრესი მიიღწევა.

14 ივლისს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას ფაშინიანმა დაგმო ლაჩინის დერეფნის ბლოკადა და თქვა, რომ ეს ეწინააღმდეგება მართლმსაჯულების საერთაშორისო სასამართლოს (ICJ) გადაწყვეტილებას, რომელმაც თებერვალში აზერბაიჯანს მოსთხოვა, უზრუნველყოს გზაზე თავისუფალი გადაადგილება.

„რაც შეეხება ლაჩინის დერეფნის უკანონო ბლოკადას და გაღრმავებულ ჰუმანიტარულ კრიზისს, ICJ-ის სავალდებულო გადაწყვეტილება ქმნის შესაძლებლობას უფრო დიდი საერთაშორისო კონსოლიდაციისთვის, რათა შეწყდეს აზერბაიჯანის მხრიდან ეთნიკური წმენდის პოლიტიკა ყარაბაღში“, - განაცხადა ფაშინიანმა.

სომხეთი და აზერბაიჯანი ცდილობენ მიაღწიონ პროგრესს მთიანი ყარაბაღის სეპარატისტული რეგიონის გამო მიმდინარე ხანგრძლივი დავის მშვიდობიანი გზით მოგვარებისთვის. 2020 წლის, მთიანი ყარაბაღის მეორე ომმა, ორივე მხარეს 7000 ჯარისკაცის სიცოცხლე იმსხვერპლა.

წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტმა (ICRC) განცხადებაში უარყო აზერბაიჯანის ბრალდებები კონტრაბანდის შესახებ და განაცხადა, რომ მისი კონტროლის ქვეშ მყოფი არცერთი მანქანა არაა ჩართული კონტრაბანდაში. თუმცა, ორგანიზაციამ განაცხადა, რომ მისი ცოდნის გარეშე ოთხმა დაქირავებულმა მძღოლმა სცადა გარკვეული კომერციული საქონლის ტრანსპორტირება საკუთარი მანქანებით, რომლებზეც ICRC-ის ემბლემა იყო გამოსახული. ეს პირები არ იყვნენ ICRC-ის თანამშრომლები და ისინი სამსახურიდან გაათავისუფლეს, თქვა წითელი ჯვრის კომიტეტმა.

15 ივლისს ფაშინიანს, ალიევსა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტს ჩარლზ მიშელს შორის დაგეგმილ შეხვედრაზე, რომელიც მეექვსეა თითქმის ორი წლის განმავლობაში, განხილული იქნება ჰუმანიტარული საკითხები, საზღვრის დელიმიტაცია და სამშვიდობო ხელშეკრულება.

XS
SM
MD
LG