ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა და რუსეთი ერთმანეთს ატომურ სადგურზე თავდასხმის დაგეგმვაში ადანაშაულებენ


რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური. უკრაინა, 1 მაისი, 2022 წ.
რუსეთის კონტროლის ქვეშ მყოფი ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური. უკრაინა, 1 მაისი, 2022 წ.

უკრაინამ და რუსეთმა 4 ივლისს გაავრცელეს ცნობები, თითქოს 5 ივლისს, მზადდებოდა თავდასხმა რუსეთის მიერ კონტროლირებულ, ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე, რომელიც უკრაინის ტერიტორიაზე მდებარეობს. იერიშის დაგეგმვაში კიევი და მოსკოვი ერთმანეთს ადანაშაულებენ.

უკრაინის პრეზიდენტის განცხადებით, მან სატელეფონო საუბრისას საფრთხის თაობაზე აცნობა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს. 4 ივლისს, ვოლოდიმირ ზელენსკიმ სოციალურ ქსელ "ტვიტერში" დაწერა, რომ პარიზი რუსეთის მხრიდან ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურზე დაგეგმილი "საშიში პროვოკაციების" სამზადისის შესახებ გააფრთხილა. ბრალდება უკრაინის პრეზიდენტმა თავის ყოველდღიურ ვიდეომიმართვაშიც გაიმეორა.

4 ივლისსვე, მოსკოვმაც გაავრცელა ინფორმაცია, თითქოს უკრაინა სადგურზე იეირშის მიტანას შორი რადიუსის, მაღალი სიზუსტის რაკეტებით და კამიკაძის ტიპის დრონებით გეგმავდა. განცხადება მედიაში რენატ კარჩამ გააკეთა, რუსეთის სახელმწიფო კორპორაცია „როსატომის“ უფროსის მრჩეველმა, იმ კომპანიის, რომელიც დღეს ზაპორიჟიის ატომურ ელექტროსადგურს მართავს.

არც უკრაინას და არც რუსეთს ამ ბრალდებების კონკრეტული მტკიცებულებები არ წარმოუდგენია და ჟურნალისტებს ამ ინფორმაციის დამოუკიდებლად გადამოწმების შესაძლებლობა არ აქვთ.

2022 წლის თებერვალში, რუსეთის უკრაინაზე თავდასხმის და მეზობელ სახელმწიფოში სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ, ბირთვულ სადგურს რუსეთი აკონტროლებს. მას შემდეგ მხარეები სადგურის ტერიტორიის საარტილერიო დაბომბვაში ერთმანეთს ადანაშაულებენ.

6 რეაქტორისგან შემდგარი ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური უდიდესია ევროპის კონტინენტზე. რეაქტორები ამჟამად გამორთულია და ელექტროენერგიას არცერთი მათგანი არ აწარმოებს.

ბირთვული ინციდენტის პრევენციის მიზნით, გაეროს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტო (IAEA) წელიწადზე მეტია ცდილობს, ზაპორიჟიის ატომური ელექტროსადგური დემილიტარიზებულ ზონად გამოაცხადოს და ამ მიზნით რუსეთის და უკრაინის ლიდერებთან მოლაპარაკებას აწარმოებს. მას შემდეგ, რაც რუსეთის საოკუპაციო ძალებმა სადგურზე კონტროლი მოიპოვეს, სააგენტოს გენერალური დირექტორი რაფაელ გროსი იქ სამჯერ იმყოფებოდა და ატომურ ელექტროსადგურზე შექმნილი ვითარება შეამოწმა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG