ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა ამბობს, რომ მისი ძალები ყველა მიმართულებით წინ მიიწევს


უკრაინის შეიარაღებული ძალები კონტრიერიშის ყველა მიმართულებით წინ მიიწევენ - ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტრო.

"თუკი მთელ ფრონტის ხაზზე ვსაუბრობთ, აღმოსავლეთშიც და სამხრეთშიც ჩვენ სტრატეგიული ინიციატივა გვაქვს და წინ მივიწევთ ყველა მიმართულებით", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა ჰანა მალიარმა უკრაინული ტელევიზიის ეთერში.

ბრძოლის ველზე ვითარების დამოუკიდებლად გადამოწმება ვერ ხერხდება, თუმცა რუსული მხარე ამტკიცებს, რომ უკრაინელებს სერიოზული დანაკარგები აქვთ.

მალიარმა თქვა, რომ უკრაინელი სამხედროები თავდაჯერებულად მიიწევენ წინ ბახმუტის განადგურებულ შემოგარენშიც. რაც შეეხება სამხრეთს, კიევის ძალებს იქ მისი თქმით, "შერეული წარმატება" აქვთ.

"სამხრეთში წარმატების განსხვავებული ხარისხი გვაქვს, ზოგჯერ კილომეტრზე მეტით მივიწევთ წინ, ზოგჯერ კილომეტრზე ნაკლებით, ზოგჯერ 2 კილომეტრზე მეტითაც", - თქვა მან.

მინისტრის მოადგილემ აღნიშნა, რომ კონტრშეტევის წარმატება ბევრი სხვადასხვა სამხედრო მისიის შესრულებით უნდა შეფასდეს და არა კონკრეტული გათავისუფლებული დასახლებების რაოდენობით. "ამასთან, ყველა ამოცანა აღსრულების პროცესშია და მხოლოდ სამხედროებს შეუძლიათ ეს სწორად და ზუსტად შეაფასონ, მათი შეფასებით ყველაფერი გეგმის მიხედვით მიდის".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამბობს, რომ კონტრიერიშის წარმატება იმაზე ნელია, ვიდრე ისურვებდნენ, მაგრამ ის სამხედროების დაჩქარებას არ აპირებს. ამასთან, უკრაინული მხარე აცხადებს, რომ კიევს ამ იერიშში ძალების უდიდესი ნაწილი ჯერ არ ჩაურთავს და კონტრშეტევის უმთავრესი ეტაპები ჯერ კიდევ წინაა.

XS
SM
MD
LG