ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

კრამატორსკში რუსეთის თავდასხმის მსხვერპლი იზრდება


უკრაინის აღმოსავლეთში ქალაქ კრამატორსკზე განხორციელეებული რუსული თავდასხმის გამო დაღუპულთა რიცხვი იზრდება. ხალხმრავალი რესტორნის ნანგრევებში კიდევ ორი ადამიანის ცხედარი იპოვეს, მათ შორის ერთი ბავშვია - იერიშის მეოთხე არასრულწლოვანი მსხვერპლი.

პოლიციის თქმით, სამშაბათს, 27 ივნისს მომხდარი თავდასხმის შედეგად, 61 ადამიანი დაშავდა. "ამ დროისთვის მაშველებმა ნანგრევებიდან 10 ადამიანის ცხედარი ამოასვენეს", - თქვა ვერონიკა ბახალმა, დონეცკის რეგიონის სამაშველო სამსახურის პრეს-სპიკერმა უკრაინულ ტელევიზიასთან. მისი განმარტებით, ამ დრომდე ნანგრევებიდან 8 ადამიანი ცოცხალი ამოიყვანეს და მიიჩნეოდა, რომ კიდევ სამი იყო დაკარგული.

კრამატორსკის მერმა ოლექსანდრ გონჩარენკომ "ტელეგრამზე" დაწერა, რომ ბიჭის ცხედარი იპოვეს. მას ასაკი არ დაუკონკრეტებია. სამშაბათს გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულთა შორის იყო ორი და - 14 წლის და კიდევ ერთი გოგონა - 17 წლის.

იმავე პერიოდში კრამატორსკის შემოგარენთან სოფელზე კიდევ ერთი თავდასხმა მოხდა, რომლის შედეგადაც 5 ადამიანი დაშავდა.

პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ საღამოს ვიდეო მიმართვისას თქვა, რომ ეს თავდასხმეები კიდევ ერთხელ აჩვენებს, რომ რუსეთი მხოლოდ მარცხსა და ტრიბუნალს იმსახურებს.

კრამატორსკი დონეცკის რეგიონში, ფრონტის ხაზის დასავლეთით მდებარეობს და შესაძლოა, რუსეთის დასავლეთით დაწინაურების მცდელობის სამიზნე იყოს. ის არაერთი რუსული თავდასხმის ობიექტი აქამდეც გამხდარა. 2022 წლის აპრილში, რკინიგზის სადგურზე განხორციელებულ იერიშს 63 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ეს ომის დროს ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ინდივიდუალური საჰაერო იერიში იყო.

XS
SM
MD
LG