ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების ახალ პაკეტს აქვეყნებს


ევროპულმა საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-11 პაკეტი მიიღო, რომელიც რუსეთის უკრაინაში შეჭრას უკავშირდება. სანქციები აფართოებს გარკვეულ შეზღუდვებს და ამატებს ათობით ახალ სუბიექტს სანქციების სიას, რათა თავიდან იქნას აცილებული სანქციების გვერდის ავლის მცდელობები.

საბჭომ სანქციები 23 ივნისს გამოაქვეყნა და თქვა, რომ პაკეტი უზრუნველყოფს რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების "კიდევ უფრო უკეთ აღსრულებას“.

უახლესი სანქციები მიზნად ისახავს ხარვეზების აღმოფხვრას, რათა რუსეთს შეეზღუდოს წვდომა საქონელსა და ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც მისთვის მნიშვნელოვანია ომის საწარმოებლად, და რათა ეს მასალა არ მოხვდეს რუსეთში ევროკავშირთან მოვაჭრე ქვეყნების მეშვეობით.

საბჭომ განაცხადა, რომ მან სანქციების სიას დაამატა 87 ახალი სუბიექტი, რომლებიც ევროკავშირის თქმით, „პირდაპირ უჭერენ მხარს რუსეთის სამხედრო და ინდუსტრიულ კომპლექსს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულ ომში“. ეს კომპანიები, ბლოკის თქმით, რეგისტრირებულია ჩინეთში, უზბეკეთში, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში, სირიასა და სომხეთში.

”ზოგიერთ ქვეყანაში ინერგება სისტემა, რომელიც რეექსპორტის მონიტორინგს, კონტროლსა და დაბლოკვას განახორციელებს“, - ნათქვამია განცხადებაში. "ანომალიური, მზარდი ვაჭრობის მაჩვენებლები ზოგიერთი ძალიან კონკრეტული პროდუქტის/ქვეყნის შემთხვევაში, არის მყარი მტკიცებულება იმისა, რომ რუსეთი აქტიურად ცდილობს სანქციების გვერდის ავლას. ეს გვიბიძგებს იმისკენ, რომ გავაორმაგოთ ძალისხმევა გვერდის ავლის შესაზღუდად და მოვთხოვოთ მეზობლებს კიდევ უფრო მჭიდრო თანამშრომლობა“, - ამბობს გაერთიანება.

ახალი პაკეტი ზღუდავს ორმაგი დანიშნულების საქონლისა და ტექნოლოგიების ექსპორტს მესამე ქვეყნებიდან რუსეთში. ახალი წესები საშუალებას აძლევს ევროკავშირს განახორციელოს გაცილებით მეტი ზეწოლა ამ პრაქტიკის დასასრულებლად.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG