ორშაბათს, შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა რუსეთის დაზვერვასთან დაკავშირებული ჯგუფის წევრებს, მოლდოვაში დესტაბილიზაციის შექმნის მცდელობის გამო. სანქციების თაობაზე ხაზინის დეპარტამენტმა განცხადება 5 ივნისს გააკეთა.
განცხადებაში ნათქვამია, რომ სანქციები შეეხება რუსეთის 7 მოქალაქეს, რომელთაგან ნაწილი კვლავ ინარჩუნებს კავშირებს რუსეთის სადაზვერვო სამსახურებთან. ჯგუფის ლიდერია კონსტანტინ პროკოფიევიჩ საპოჟნიკოვი, რომელმაც 2023 წელს მოლდოვაში დესტაბილიზაციის გამოწვევა სცადა.
ამერიკის მიერ სანქცირებული ჯგუფი არის დიდი გლობალური საინფორმაციო ოპერაციის ნაწილი, რომელიც დაკავშირებულია რუსეთთან. კრემლის კამპანია მიზნად ისახავს უკრაინის და რუსეთის სხვა მოსაზღვრე ქვეყნების, ასევე ევროკავშირის, გაერთიანებული სამეფოსა და შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დესტაბილიზაციის გამოწვევას. განცხადებაში ნათქვამია, რომ ჯგუფის წევრები პროვოკაციებს აწყობენ, ამზადებენ და აკონტროლებენ ჯგუფებს დემოკრატიულ ქვეყნებში და ატარებენ ანტისამთავრობო საპროტესტო აქციებს, მიტინგებს, მსვლელობებსა და დემონსტრაციებს.
”ეს მავნე ზემოქმედების ოპერატორები აანალიზებენ ექსპლუატაციისადმი დაუცველ ქვეყნებს და აღძრავენ შიშებს, რაც ძირს უთხრის დემოკრატიული პრინციპების რწმენას სამიზნე ქვეყნებში”, - ნათქვამია დეპარტამენტის განცხადებაში.
აშშ-ის ტერორიზმისა და ფინანსური დაზვერვის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ ბრაიან ნელსონმა განაცხადა, რომ ორშაბათის სანქციები პასუხია რუსეთის მცდელობებზე, რომლებიც მიმართულია დემოკრატიული ერების დესტაბილიზაციისკენ.
მოლდოვაში დესტაბილიზაციისა და დემოკრატიისთვის საფრთხის შექმნისთვის, გასულ კვირას, რუსეთის მოქალაქეებს სანქციები დაუწესეს ევროკავშირმა და კანადამაც.