ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ბაქო უარს ამბობს ეთნიკურად სომეხი მოსახლეობისთვის დამატებითი გარანტიების გაცემაზე


აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა უარყო სომხეთის მოთხოვნა, უზრუნველყოს უსაფრთხოების სპეციალური გარანტიები მთიან ყარაბაღში მცხოვრები დაახლოებით 120,000 ეთნიკური სომეხისთვის. ეს სამშვიდობო მოლაპარაკებების ახალი რაუნდის წინ მოხდა. მინისტრმა განაცხადა, რომ ისინი საკმარისად არიან დაცული.

მთიანი ყარაბაღი, რომელიც საერთაშორისოდ აღიარებულია აზერბაიჯანის ნაწილად, სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის დავის საგანია 1991 წლის შემდეგ.

მძიმე ბრძოლებისა და რუსეთის შუამავლობით დადებული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შემდეგ, აზერბაიჯანმა 2020 წელს კონტროლი დაიბრუნა ტერიტორიებზე, რომლებსაც ეთნიკური სომხები აკონტროლებდნენ.

მას შემდეგ, მხარეები სამშვიდობო მოლაპარაკებასა და საერთო წესებზე მუშაობენ, თუმცა, შეთანხმება ამ დრომდე არ მიღწეულა.

გასულ თვეს ნიკოლ ფაშინიანმა, სომხეთის პრემიერმა თქვა, რომ ის მზადაა აღიაროს მთიანი ყარაბაღი აზერბაიჯანის ნაწილად, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ აზერბაიჯანი იქაურ ეთნიკურად სომეხ მოსახლეობას დამატებით უსაფრთხოების გარანტიას მისცემს.

თუმცა, სააგენტო "როიტერთან" საუბრის დროს, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა თქვა, რომ დამატებითი უსაფრთხოების გარანტიები საჭირო არაა, ვინაიდან ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა, ისედაც დაცულია ყარაბაღში.

მინისტრი ამბობს, რომ თუ ეთნიკურად სომეხი მოსახლეობა ინტეგრირდება აზერბაიჯანის მოსახლეობასთან, მაშინ მათ კვლავ შეეძლებათ მიიღონ განათლება სომხურად და შეინარჩუნონ თავიანთი კულტურა ისევე, როგორც ეს აზერბაიჯანში მცხოვრები სხვა ეთნიკური, თუ რელიგიური უმცირესობების შემთხვევაში ხდება.

XS
SM
MD
LG