ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო კოსოვოში მხარეებს ვითარების დეესკალაციისკენ მოუწოდებს


ნატოს ძალები კოსოვოში
ნატოს ძალები კოსოვოში

ნატოს ძალები კოსოვოში მზად არიან ნებისმიერ სიტუაციას გაუმკლავდნენ, თუ ბოლო შეტაკების მსგავსი ძალადობა საფრთხეს შეუქმნის მშვიდობას, განაცხადა ორშაბათს საღამოს, ნატოს ძალების მეთაურმა პრიშტინაში.

ნატოს სამშვიდობო მისიის 30-მდე ჯარისკაცი, რომელიც ჩრდილოეთ კოსოვოში სამ ქალაქს იცავდა, მაისის ბოლოს სერბ მომიტინგეებთან შეტაკებისას დაშავდა. დაშავდა ასევე 52 დემონსტრანტი.

ნატომ, რომელიც კოსოვოში 1999 წლის ომის დამთავრების შემდეგ სიტუაციას აკონტროლებს, ადგილზე დამატებითი 700 ჯარისკაცის განლაგება და მაღალი მზადყოფნის კიდევ ერთი ბატალიონის ჩაყენება გადაწყვიტა , რითაც მისი ძალების რიცხვი დაახლოებით 4511-მდე გაიზარდა.

„ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი გარემოებისთვის. სწორედ ამიტომ მივიღეთ დამატებითი ძალების გაგზავნის გადაწყვეტილება. ჩვენ არ ვრეაგირებთ, ჩვენ ვმოქმედებთ“, - განუცხადა KFOR-ის სახელით ცნობილი - ნატოს ჯარების მეთაურმა ანჯელო მიქელე რისტუჩიამ ჟურნალისტთა ჯგუფს.

მისი თქმით, ბოლო დღეებში შედარებით სიმშვიდის მიუხედავად, ვითარება დაძაბულია.

"ამ ეტაპზე არ არსებობს სამხედრო გადაწყვეტა, რადგან ამ სიტუაციის მოგვარების ერთადერთი გზა არის პოლიტიკური, რომელიც დაფუძნებულია ურთიერთობის ნორმალიზებისთვის ორივე მხარის ნებაზე. მაგრამ, პირველ ყოვლისა, საჭიროა დეესკალაცია", - თქვა რისტუჩიამ.

კოსოვოს ჩრდილოეთში, რომელიც ძირითადად ეთნიკური სერბებით არის დასახლებული, ძალადობა გასულ თვეში მას შემდეგ დაიწყო, რაც ეთნიკურმა ალბანელმა მერებმა ოფისების დაკავება სცადეს. ეს ადგილობრივი არჩევნების შემდეგ მოხდა, რომელზეც აქტივობამ მხოლოდ 3,5% შეადგინა, რადგან უმრავლესობაში მყოფმა სერბებმა მას ბოიკოტი გამოუცხადეს.

შეერთებულმა შტატებმა და ევროკავშირმა მოუწოდეს პრემიერ-მინისტრ ალბინ კურტის პროცესის შეჩერებისკენ და რეგიონიდან იმ სპეციალური პოლიციის გაყვანისკენ, რომელიც მერებს იცავდა.

ვითარება კიდევ უფრო გამწვავდა გასულ კვირას, როცა სერბეთმა სადავო გარემოებებში, სასაზღვრო ზონაში, სამი კოსოვოელი პოლიციელი დააკავა. კოსოვო ამბობს, რომ პოლიციელები მის ტერიტორიაზე დააკავეს. სერბეთი კი ამას უარყოფს.

„ჩვენ აქ ვართ, რათა თავიდან ავიცილოთ სიტუაციის გაუარესება და დაძაბულობის გაღვივება. დეესკალაცია ორივე მხარის პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული“, - თქვა რისტუჩიამ.

კოსოვოს ჩრდილოეთ ნაწილში მცხოვრები 50 000 სერბი უარს ამბობს პრიშტინას მმართველობის ცნობაზე და ბელგრადს თავის დედაქალაქად მიიჩნევს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG