ოთხშაბათს, 14 ივნისს, „ვაგნერის“ დაქირავებული დაჯგუფების მეთაურმა ევგენი პრიგოჟინმა, გაიმეორა უარი თავდაცვის სამინისტროსთან კონტრაქტების გაფორმებასთან დაკავშირებით. ერთი დღით ადრე, რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ შეთანხმება საჭიროა.
ეს რუსეთის ლიდერის მიმართ დაუმორჩილებლობის იშვიათი პირდაპირი გამოვლინებაა. პრიგოჟინმა თქვა: "ვაგნერის არცერთი მებრძოლი არ არის მზად სირცხვილის გზაზე გაიაროს. ამიტომ ისინი არ მოაწერენ ხელს კონტრაქტებს".
სამშაბათს ტელევიზიით გასულ შეხვედრაზე, პუტინმა მხარი დაუჭირა თავდაცვის სამინისტროს მოწოდებას, უკრაინაში „მოხალისე“ მებრძოლებთან დაკავშირებით, რომ მათ ხელი მოაწერონ კონტრაქტებს ქვეყნის სამხედრო სარდლობასთან, რაც ფართოდ განიხილება, როგორც გზა "ვაგნერზე" კონტროლის დასამყარებლად.
პუტინმა თქვა, რომ კონტრაქტები აუცილებელია, რათა უკრაინაში რუსეთის კამპანიის ყველა მონაწილემ მიიღოს სოციალური მხარდაჭერის დახმარება. ეს მოიცავს კომპენსაციას მებრძოლებისთვის, თუ ისინი დაიჭრნენ და მათი ოჯახებისთვის, თუ ისინი დაიღუპნენ.
პრიგოჟინი გასული წლიდან მოყოლებული, საჯაროდ აკრიტიკებს თავდაცვის მინისტრ სერგეი შოიგუს და რუსული არმიის სხვა მაღალჩინოსნებს ადანაშაულებს უკრაინაში "ვაგნერის" ძალების არაადეკვატური მხარდაჭერისა და მათთვის საბრძოლო მასალის დაგვიანებაში.
თუმცა, ოთხშაბათს პრიგოჟინმა ასევე თქვა, რომ მისი აზრით, მოიძებნება "კომპრომისული გამოსავალი" პუტინსა და პარლამენტს შორის, რათა "ვაგნერის" მებრძოლებს მიეცეთ სოციალური გარანტიები და ქვეყნისთვის მებრძოლის სტატუსი.