ოფიციალური კიევი აცხადებს, რომ უკრაინულმა ძალებმა ბოლო დღე-ღამეში 36 რუსული რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი (დრონი) ჩამოაგდეს. რუსეთი ამჯერად დედაქალაქსა და მის შემოგარენს ღამით დაესხა თავს, რის შედეგადაც, ორი ადამიანი დაშავდა.
მაისის დასაწყისიდან დღემდე, რუსეთმა 20-მდე სარაკეტო და უპილოტო შეტევა განახორციელა კიევზე. პრეზიდენტ ზელენსკის მთავრობაში ამბობენ, რომ გახშირებული საჰაერო იერიშებირუსეთის მცდელობაა, როგორმე ჩაშალონ უკრაინის მიერ დაგეგმილი კონტრშეტევა.
საჰაერო ძალების განცხადებაში ნათქვამია, რომ უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 15 საკრუიზო რაკეტა და 21 დრონი. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ თავდასხმა გამთენიისას, სამ საათზე მოხდა, მაშინ როცა მოსახლეობას ეძინა.
„ოკუპანტები არ წყვეტენ უკრაინის დედაქალაქის ტერორის მცდელობებს მოიერიშე დრონებითა და რაკეტებით“, - ნათქვამია განცხადებაში.
კიევის მერის, ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, კიევში ბოლო 24 საათში განხორციელებულ საჰაერო თავდასხმებს მსხვერპლი არ მოჰყოლია. თუმცა, დედაქალაქის მახლობლად ორი ადამიანი დაშავდა. მათ შორის ერთი ბავშვია.
უკრაინის მთავრობა აცხადებს, რომ რუსეთის მიერ მათი მიმართულებით გაშვებული უპილოტო საფრენი აპარატების და რაკეტების უმეტესობას ანადგურებს, თუმცა საჰაერო თავდასხმების უმეტესობა უმსხვერპლოდ მაინც არ სრულდება. ხუთშაბათს, ერთ-ერთი მასშტაბური შეტევის დროს 3 ადამიანი დაიღუპა. მათ შორს ერთი 9 წლის გოგონა იყო.
პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ თუ ადგილობრივი ოფიციალური პირები ვერ უზრუნველყოფენ მოსახლეობის დაცვას, ისინი შეიძლება დაისაჯონ.
პარალელურად, რუსმა ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ პარასკევს უკრაინის მხრიდან რუსეთის ტერიტორიაზე საზღვრისპირა რეგიონის დაბომბვა მოხდა. მათი განცხადებით, ორმა უპილოტო აპარატმა შეუტია საწვავისა და ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურას რუსეთის ჩრდილოეთით.