კოსოვოს პრემიერ-მინისტრი ალბერტ კურტი უკან არ იხევს კოსოვოს ჩრდილოეთში, ეთნიკურად სერბი უმრავლესობის რეგიონში, ალბანელი მერების დაყენების საკითხზე. მერები მას შემდეგ აირჩიეს რაც ადგილობრივმა სერბებმა არჩევნებს ბოიკოტი გამოუცხადეს. აპრილში შუალედურ არჩევნებზე აქტივობა 3,5 პროცენტზე ნაკლები იყო სერბების ბოიკოტის შედეგად.
დასავლელი დიპლომატები ითხოვენ დაპირისპირების დასრულებას, რომელიც გასულ უქმეებზე, ადგილობრივებს და ნატოს სამშვიდობოებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.
1 ივნისს კოსოვოვურ მედიასთან საუბრისას კურტიმ თქვა, რომ მერებმა უნდა "იმუშაონ თავიანთ ოფისებში“.
„ჩვენ გვჭირდება ნორმალურობა.... რა აზრი აქვს სახელმწიფო მოხელეებისთვის საჯარო შენობების არსებობას, თუ ისინი არ გამოიყენება?“,- თქვა მან.
ეთნიკური სერბი მომიტინგეები მეოთხე დღეა ჩრდილოეთ კოსოვოს სამ ქალაქში პროტესტს მართავენ. უკანასკნელ დღეებში, დემონსტრანტების რაოდენობა შემცირდა მიმდინარე კვირის დასაწყისში მომხდარი ძალადობრივი შეტაკებების შემდეგ.
ამ ფონზე, ევროკავშირის ლიდერები მოლდოვაში სამიტზე იკრიბებიან და იქ კოსოვოს საკითხი ერთ-ერთი განსახილველი თემაა. მომხდარს ახლოს აკვირდება შეერთებული შტატებიც. აშშ-ს სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ვითარების „დაუყოვნებლივ დეესკალაციისკენ“ მოუწოდებს, როგორც სერბეთს, ასევე კოსოვოს.
კრიზისი მას შემდეგ დაიწყო, რაც ეთნიკური ალბანელი მერები კოსოვოს პოლიციის დახმარებით სამ ქალაქში, შენობებში შესვლას ეცადნენ. ამ ქალაქებში, ზვეჩანში, ლეპოსავიკსა და ზუბინ პოტოკში უმრავლესობა ეთნიკურად სერბია.
ეთნიკური სერბების მცდელობას, ხელი შეეშალათ მერებისთვის მუნიციპალურ ოფისებში შესვლისგან ძალადობა მოჰყვა. ნატოს ადგილობრივმა „კოსოვოს ძალებმა“ დემონსტრანტებსა და შენობებს შორის კორდონი აღმართეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა და ათობით ადამიანი დაშავდა. ნატოს ძალებმა შენობების ირგვლივ მავთულის ბარიკადები დაამონტაჟა.
მიუხედავად შეერთებული შტატებისა და ევროკავშირის მოწოდებისა, დაბრუნდნენ დიალოგში, კოსოვოს პრემიერ მინისტრი ალბინ კურტი აცხადებს, რომ ეთნიკურად ალბანელ მერებს აქვთ უფლება დაიკავონ ოფისები იმ ქალაქებში, სადაც ისინი აირჩიეს.
შეერთებულმა შტატებმა კოსოვოს შესთავაზა მერებმა სხვა ადგილებიდან იმუშაონ, მაგრამ კურტიმ „რადიო თავისუფლებას“ 31 მაისს განუცხადა, რომ ეს იქნება კოსოვოს შიგნით პარალელური სტრუქტურის შექმნის მაგალითი.
მოლდოვაში სამიტის ფარგლებში, ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ხელმძღვანელი ჯოსეფ ბორელი სერბეთის პრეზიდენტს ალექსანდრ ვუჩიჩს და კოსოვოს პრეზიდენტს ვიოსა ოსმანის ხვდება.
ბორელმა, რომელიც 31 მაისს ბრატისლავაში კურტის შეხვდა, მოლდოვაში სამიტის ფარგლებში კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ კოსოვოში ძალადობა უნდა შეწყდეს. ბორელმა თქვა, რომ მან მოუწოდა კურტის, ითამაშოს როლი კრიზისის განმუხტვაში და დასძინა, რომ იგივე გზავნილი ექნება ვუჩიჩთან.
ახალი ამბების სააგენტო, „როიტერთან“ საუბრისას მოლდოვაში ოსმანიმ თქვა, რომ კოსოვოს არ სურს დააზიანოს ურთიერთობა ვაშინგტონთან და გააგრძელებს კოორდინაციას შეერთებულ შტატებთან. მაგრამ მან სერბეთი დაადანაშაულა კოსოვოს დესტაბილიზაციის მცდელობაში.
„გამოწვევა მოდის სერბეთიდან, ქვეყნიდან, რომელსაც ჯერ კიდევ უნდა შეეგუოს თავის წარსულს“, განუცხადა ოსმანიმ „როიტერს“.
საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებმა ასევე განაცხადეს, რომ გეგმავენ შეხვდნენ სერბეთისა და კოსოვოს მაღალჩინოსნებს მოლდოვაში, სამიტის ფარგლებში.
ნატო-ს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა 1 ივნისს განაცხადა, რომ ალიანსი, კოსოვოს კონტინგენტს დამატებით 700 ჯარისკაცით შეავსებს და ბრიუსელი მზად არის კიდევ მეტი ძალები გაგზავნოს სიტუაციის დასამშვიდებლად.
მან დასძინა, რომ პირველი 700 ჯარისკაცი უკვე გაიგზავნა კოსოვოში.
ბელგრადის მიერ მხარდაჭერილმა „სერბულმა სიამ“ (Srpska List) განაცხადა, რომ საპროტესტო აქციები შეწყდება მხოლოდ მაშინ, როდესაც დაკმაყოფილდება მათი მოთხოვნები კოსოვოელი ალბანელი მერების გადაყენების შესახებ და ჩრდილოეთიდან პოლიციის სპეციალური დანაყოფებს გაიყვანენ.
1 ივნისს ბლინკენმა მოუწოდა კოსოვოსა და სერბეთის ლიდერებს დაძაბულობის განმუხტვისკენ და თქვა, რომ ისინი საფრთხეში აგდებენ თავიანთ მისწრაფებებს ევროპული ინტეგრაციისკენ.
„მოვუწოდებთ კოსოვოსა და სერბეთის მთავრობებს, გადადგან სასწრაფო ნაბიჯები დაძაბულობის დეესკალაციისთვის“, - განუცხადა ბლინკენმა ჟურნალისტებს ოსლოში ნატოს მოლაპარაკებებზე.
"ჩვენ მხარს ვუჭერთ კოსოვოსა და სერბეთის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესს. მაგრამ არსებული ესკალაცია უფრო მეტად აფერხებს, ვიდრე ეხმარება ამ მიმართულებით წინსვლას“, - თქვა მან.
Facebook Forum