ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ევროკავშირი 7 პირს მოლდოვის დესტაბილიზაციის მცდელობისთვის სანქციებს უწესებს


ევროკავშირმა შვიდი პირის წინააღმდეგ სანქციები დააწესა. მათ ბრალად მოლდოვის წინააღმდეგ დესტაბილიზაციის მცდელობაში მონაწილეობა ედებათ. ამასთან, ბრიუსელი აორმაგებს მოლდოვისთვის მაკროეკონომიკური მხარდაჭერის პაკეტს და მასს 290 მილიონ ევრომდე ზრდის.

ევროკავშირის სანქციების სიაში არიან მოლდოველი ოლიგარქი ვლად პლახოტნიუკი, რომელიც 2014-2015 წლებში 1 მილიარდი დოლარის გაქრობის საქმეში მთავარ ფიგურანტად განიხილება. ასევე მოსკოვის მიერ მხარდაჭერილი მაგნატი ილან შორი, შორის პარტიის ხელმძღვანელი, რომელიც ახლა ისრაელში ცხოვრობს და მარინა ტაუბერი, შორის პარტიის ვიცე-პრეზიდენტი, რომელიც დედაქალაქში მასობრივი ანტისამთავრობო საპროტესტო აქციების უკან დგას. გასულ თვეში მოლდოვის სასამართლომ შორს 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

სიაში ასევე არიან მიმალვაში მყოფი მოდლოვის პოლიციის ხელმძღვანელის ყოფილი მოვალეობის შემსრულებელი გეორგე კავკალიუკი, რომელიც კიშინიოვში ძალადობრივი საპროტესტო აქციების ორგანიზების საქმეში შორის დახმარებისთვის იძებნება. ასევე უკრაინის წინააღმდეგ ქმედებებში ბრალდებული გრიგორ კარამალაკი და ალექსანდრე კალინინი. სანქცირებულია რუსი ბიზნესმენი იგორ ჩაიკაც, რუსეთის გენერალური პროკურორის იგორ ჩაიკას ვაჟი, რომელიც ევროკავშირის თქმით, ასრულებს „ყულაბის“ როლს მოლდოვის წინააღმდეგ რუსეთის უსაფრთხოების ფედერალური სამსახურის ქმედებებში. ჩაიკა ამ სიაში ერთადერთია, რომელიც მოლდოვის მოქალაქე არაა.

ვლადიმირ პლაჰოტნიუკი
ვლადიმირ პლაჰოტნიუკი

შორს, პლახოტნიუკს და ჩაიკას უკვე დაუწესეს სანქციები შეერთებულმა შტატებმა და დიდმა ბრიტანეთმა. ევროკავშირმა სანქციებში მყოფთა აქტივები გაყინა და მათ გაერთიანებაში შესვლა აუკრძალა.

ამ ნაბიჯს მიესალმა მოლდოვის პრეზიდენტი მაია სანდუ. მოლდოვის მთავრობა პროდასავლურადაა განწყობილი და ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.

"მოლდოვა მარტო არ არის ქვეყნის უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შენარჩუნების მცდელობაში. მივესალმები ევროკავშირის გადაწყვეტილებას სანქციების დაწესების შესახებ მათ წინააღმდეგ, ვინც საფრთხეს უქმნის ჩვენს დემოკრატიას, სტაბილურობასა და უსაფრთხოებას. ჩვენ ერთად უზრუნველვყოფთ მოლდოვის ძლიერ და აყვავებულ მომავალს", - დაწერა სანდუმ Twitter-ზე. .

ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის უფროსმა ჯოზეფ ბორელმა განცხადებაში თქვა, რომ მოლდოვისა და უკრაინის სუვერენიტეტის ძირის გამოთხრის მცდელობაზე შვიდი პირის პასუხისმგებლობაა გამოვლენილი.

მაია სანდუ
მაია სანდუ

"მოლდოვა არის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა რუსეთის მიერ უკრაინაში უკანონო შეჭრის შედეგებით. ვხედავთ სერიოზულ, გაძლიერებულ და მუდმივ მცდელობებს ქვეყნის დესტაბილიზაციისთვის", - თქვა ბორელმა.

მოლდოვამ, ევროპაში ერთ-ერთმა ყველაზე ღარიბმა სახელმწიფომ, რომლის მოსახლეობაც 2.6 მილიონია, 2022 წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში ფართომასშტაბიანი შეჭრის შემდეგ ასობით ათასი უკრაინელი ლტოლვილი მიიღო.

ევროკავშირის განცხადება სანქციების შესახებ მოლდოვაში დაგეგმილი ევროკავშირის „ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობის“ პირველი სამიტის გამართვამდე ორი დღით ადრე გაკეთდა. სამიტზე სანდუს სურს მიიღოს დაპირება, რომ მოლდოვა მალე დაიწყებს წევრობის თაობაზე მოლაპარაკებებს ევროკავშირთან.

გასულ წელს, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან რამდენიმე თვის შემდეგ, მოლდოვა უკრაინასთან ერთად ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად მიიწვიეს.

ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა 44-წევრიანი ფორუმია, რომლის შექმნაც საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონის იდეაა და მიზნად ისახავს გააუმჯობესოს თანამშრომლობა ევროკავშირსა და არაწევრ ქვეყნებს შორის, მათ შორის დასავლეთ ბალკანეთისა და კავკასიის რეგიონის ქვეყნებს შორის.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG