ევროპის, ჩრდილოეთ ამერიკისა და აზიის ათობით ქვეყნის სპორტის მინისტრმა 4 მაისს ერთობლივი განცხადება გამოაქვეყნა. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსი და ბელარუსი სპორტსმენების მონაწილეობას ოლიმპიურ თამაშებში, იმ შემთხვევაშიც კი, თუ მათ ნეიტრალური სტატუსი ექნებათ.
"ჩვენ ვამბობთ, რომ რუსეთის სახელმწიფოს, რომელმაც ოლიმპიური ზავი ორჯერ დააღვია, არ უნდა მიეცეს საშუალება სპორტის მეშვეობით მოახდინოს ბარბარიზმისა და უკრაინაში არაპროვოცირებული შეჭრის ლეგიტიმაცია. არც ბელორუსის სახელმწიფოს უნდა შეეძლოს გამოიყენოს სპორტი რუსეთის აგრესიულ ომში მისი თანამონაწილეობის ლეგიტიმაციისთვის",- წერია სპორტის მინისტრების განცხადებაში, რომელსაც 36 ოფიციალური პირი აწერს ხელს მთელი მსოფლიოდან.
საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის რეკომენდაცია იყო, რომ ბელარუსი და რუსი სპორტსმენები ინდივიდუალურად გამოსულიყვნენ შეჯიბრებებზე და არ ჰქონოდათ რაიმე ტიპის სახელმწიფო სიმბოლიკა, რასაც უკრაინული მხარე მტკიცედ აპროტესტებს.
რეკომენდაციების გამოქვეყნებიდან ერთი დღის შემდეგ, უკრაინის "ახალგაზრდობისა და სპორტის სამინისტრომ" განაცხადა , რომ უკრაინა "თანმიმდევრულად მხარს უჭერს და გააგრძელებს დაჟინებით მოთხოვნას", რომ უკრაინაში რუსეთის აგრესიის და ბელორუსის მიერ ომის დროს გაწეული დახმარების გათვალისწინებით, რუსი და ბელორუსი სპორტსმენები არ უნდა არ იმყოფებოდნენ საერთაშორისო სპორტულ არენებზე.