მაიკლ კოენმა ორშაბათს ამერიკის სააპელაციო სასამართლოს სთხოვა, განაახლოს მისი სარჩელი დონალდ ტრამპისა და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლების წინააღმდეგ. კოენი ანაზღაურებას ითხოვს იმისთვის, რომ ის ციხეში ჩასვეს. კოენს სჯერა, რომ საპატიმროში თავისი მემუარების გამოქვეყნების გამო მოხვდა, რომელშიც ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს აკრიტიკებდა.
მანჰეტენის მე-2 სააპელაციო სასამართლოში წარდგენისას, კოენის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ სასამართლოს პასუხისმგებლობა ეკისრება ტრამპისა და მისი ქვეშევრდომების მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებაზე.
„აღმასრულებელი შტოს ხელმძღვანელმა გამოიყენა თავისი ძალა იმისთვის, რომ მისი ერთ-ერთი კრიტიკოსი გაჩუმებულიყო, ისევ ციხეში ჩაესვა და ჯანმრთელობისთვის საშიშ პირობებში ჩაეყენებინა“, - წერენ კოენის ადვოკატები. „სადაც ასეთი მძიმე ზიანი მიაყენა მოქალაქის უფლებებს და ერის კანონის უზენაესობას, უნდა არსებობდეს გამოსავალიც“.
კოენი ამერიკის საოლქო სასამართლოს მოსამართლე ლუის ლიმანის გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს, რომლითაც მან ნოემბერში კოენის სარჩელი უარყო.
ალინა ჰაბბა, ტრამპის ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს ქვედა პალატა სწორად მოიქცა, როდესაც კოენის სასამართლო სარჩელი არ დააკმაყოფილა.
კოენი, ტრამპის ყოფილი ადვოკატია, რომელსაც 2018 წელს სამი წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მას შემდეგ, რაც დანაშაული აღიარა კამპანიის დაფინანსების დარღვევებსა და სხვა დანაშაულებში.