უკრაინის მთავარი პროკურორი, ანდრი კოსტინი, ოთხშაბათს ამერიკელი კანონმდებლების წინაშე წარსდგა და მათ რუსეთის მიერ უკრაინაში ჩადენილი ომის დანაშაულებების შესახებ მოუყვა. მისი თქმით, რუსი სამხედროების მიერ ჩადენილი დანაშაულებები მოიცავს სამოქალაქო პირების გაუპატიურებას, მოტაცებას და წამებას. კოსტინის თქმით, ამ ეტაპზე ომის დანაშაულებების 80,000 შემთხვევაა აღრიცხული.
კოსტინმა ამერიკელ კანონმდებლებს ხერსონის მაგალითზე მუყვა ომის იმ დანაშაულებების შესახებ, როემლიც რუსმა სამხედროებმა ჩაიდინეს. მისი თქმით, ხერსონის გათავისუფლების შემდეგ, უკრაინელმა სამხედროებმა 20 ადილს მიაგნეს, რომელიც სპეციალურად ტყვეთა საწამებლად იყო განკუთვნილი. 1,000-ზე მეტმა გადარჩენილმა თავად აღწერა ის, რასაც რუსი სამხედროები ამ საწამებელ ოთახებში აკეთებდნენ. მონაყოლიდან ჩანს, რომ ისინი უკრაინელებს აყენებდნენ ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას, იყენებდნენ ელექტროშკს, დახრჩობის იმიტაციას ახდენდნენ წყალში დიდი ხნის განმავლობაში, აშიშვლებდნენ, ემუქრებოდნენ დასახიჩრებითა და მოკვლით.
კოსტინის თქმით, მხოლოდ ხერსონის რეგიონში, გაუპატიურების 60-ზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. იმ ტერიტორიებზე კი, სადაც კონტროლი ჯერ ისევ რუსებს აქვთ, მოსახლეობას, მათ შორის ბავშვებსაც, აიძულებენ, რომ სახლები დატოვონ და რუსეთის მიერ ოკუპირებულ სხვა ტერიტორიებზე გადავიდნენ. "ასეთ ბოროტებას ასე ვერ დავტოვებთ",- თქვა კოსტინმა.
მოსმენაზე კოსტინს ჰკითხეს, როგორ ფიქრობს, რატომ იქცევიან რუსი სამხედროები ასე სასტიკად. კოსტინი კი ამბობს, რომ უჭირს იმის გააზრება და გაგება, რატომ უნდა იქცეოდნენ მტრის სამხედროები ასე.
"ერთადერთი შესაძლო ახსნა ისაა, რომ სურთ უკრაინა და უკრაინელები უბრალოდ გააქრონ. ალბათ მართლა სურთ ჩვენი ყველას მოკვლა",- თქვა უკრაინის მთავარმა პროკურორმა.