ბახმუტისთვის ბრძოლა გრძელდება, ამ დრომდე რუსეთი უკრაინული ქალაქის აღებას ვერ ახერხებს. უკრაინის სახმელეთო ძალების მეთაური ალექსანდრ სირსკი ამბობს, რომ რუსეთი ქალაქზე იერიშებს აძლიერებს.
"ამჟამად, მტერი აძლიერებს მძიმე არტილერიის აქტივობას და საჰაერო დარტყმების რაოდენობას, ცდილობენ ქალაქი აქციონ ნანგრევებად", - თქვა გენერალმა სირსკიმ.
მისი თქმით, რუსეთი, რომელმაც გასული წლის თებერვალში უკრაინაში სრულმასშტაბიანი ომი დაიწყო, ცდილობს „ნებისმიერ ფასად“ აიღოს ქალაქი. კიევის მტკიცებით რუსეთს ბახმუტისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი დანაკარგები აქვს, როგორც ცოცხალი ძალის ასევე შეიარაღებისა და ტექნიკის კუთხით. რუსეთში კი საპირისპიროს ამტკიცებენ.
ქალაქი, სადაც ომამდე დაახლოებით 70,000 ადამიანი ცხოვრობდა, ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში რუსეთის მთავარი სამიზნეა. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ თუ რუსეთი ბახმუტს აიღებს, ეს საშუალებას მისცემს მას დაემუქროს კრამატორსკსა და სლოვიანსკს.
ვაგნერის დაქირავებული ჯგუფის მეთაური, რომელიც სათავეში ჩაუდგა რუსეთის მცდელობას აიღოს ქალაქი, ევგენი პრიგოჟინი ამბობს, რომ ახლა რუსეთი ბახმუტის 80 პროცენტს აკონტროლებს.უკრაინა ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.
Facebook Forum