ბელარუსის პრეზიდენტმა ალექსანდერ ლუკაშენკომ ორშაბათს რუსეთის თავდაცვის მინისტრს განუცხადა, რომ მას სურს გარანტიები, რომ მოსკოვი დაიცავს მის ქვეყანას თავდასხმის შემთხვევაში, იტყობინება სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტო "ბელტა".
"ბელტა" ციტირებს ლუკაშენკოს, რომელმაც ეს განცხადება რუსეთის თავდაცვის მინისტრს სერგეი შოიგუსთან მინსკში გამართული შეხვედრის დროს გააკეთა. ლუკაშენკომ თქვა, რომ მან ეს საკითხი განიხილა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან, რომელიც მისი თქმით, დათანხმდა მას, რომ უსაფრთხოების ასეთი გარანტიები აუცილებელია და ოფიციალურად უნდა გაფორმდეს.
პუტინთან "მოლაპარაკებებზე გაჟღერდა, რომ ბელარუსის წინააღმდეგ აგრესიის შემთხვევაში, რუსეთის ფედერაცია დაიცავს ბელარუსს, როგორც საკუთარ ტერიტორიას. ეს უსაფრთხოების [გარანტიები] ჩვენ გვჭირდება", - ციტირებს ლუკაშენკოს სააგენტო.
ბელარუსი, რომელიც ამჟამად რუსული ძალების კონტინგენტს მასპინძლობს, მოსკოვს უკრაინაში ეხმარება. ომის პირველ დღეებში მინსკმა მოსკოვს უფლება მისცა თავისი ტერიტორია უკრაინის დედაქალაქ კიევზე თავდასხმის განსახორციელებლად გამოეყენებინა.
გასული წლის ბოლოდან მოყოლებული, სამხედრო წვრთნებმა და რუსეთის მაღალი დონის ოფიციალური პირების ვიზიტებმა გამოიწვია შეშფოთება, რომ ბელარუსი შესაძლოა ოფიციალურად შეუერთდეს უკრაინაზე ახალ თავდასხმას. ლუკაშენკო მუდმივად უარყოფდა ასეთ განზრახვებს, მაგრამ თქვა, რომ ბელარუსი უპასუხებს მის ტერიტორიაზე ნებისმიერ შეჭრას ან არეულობის გაღვივებას.
Facebook Forum