ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ტრამპის ბრალდების მოლოდინში, ნიუ-იორკში უსაფრთხოების ზომებს იღებენ


ნიუ-იორკის პოლიცია სასამართლოს შენობასთან პატრულირებს. 21 მარტი, 2023 წ. ნიუ-იორკი, აშშ.
ნიუ-იორკის პოლიცია სასამართლოს შენობასთან პატრულირებს. 21 მარტი, 2023 წ. ნიუ-იორკი, აშშ.

მანჰეტენზე მდებარე სასამართლო შენობის გარშემო, იქ სადაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ბრალდების გამოცხადებას ელიან, ბარიკადები აღმართეს. დღეს, 21 მარტს, შესაძლოა ამერიკის 45-ე პრეზიდენტს ბრალი ნაფიც მსაჯულთა დიდმა კოლეგიამ წაუყენოს.

ტრამპმა შაბათს განაცხადა, რომ სამართალდამცავები მის დაკავებას სამშაბათს აპირებენ და თავის მხარდამჭერებს საპროტესტო აქციების სამზადისისკენ მოუწოდა. თუმცა, შემდეგ მისმა პრესმდივანმა თქვა, რომ ყოფილ პრეზიდენტს შესაძლო დაპატიმრების შესახებ შეტყობინება არ მიუღია.

ბრალის წაყენების შემთხვევაში, ტრამპი გახდება ამერიკის პირველი ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც სისხლის სამართლებრივი დევნის წინაშე აღმოჩნდება. საპროტესტო აქციებისკენ მოწოდებაში, ტრამპმა გამოთქვა შეშფოთება იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლოა კვლავ 2021 წლის 6 იანვრის მსგავსი ძალადობა მოხდეს, როცა მისი მხარდამჭერები ვაშინგტონში, ქვეყნის კაპიტოლიუმში ძალადობრივად შეიჭრნენ და კონგრესის სხდომა დროებით ჩაშალეს.

ნაფიც მსაჯულთა დიდი კოლეგია, სავარაუდოდ, ტრამპს ბრალს მიმდინარე კვირაში წაუყენებს, რამაც შესაძლოა მისი საპრეზიდენტო შანსები შეამციროს. დონალდ ტრამპი 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას გეგმავს და წინასაარჩევნო კამპანია უკვე დაწყებული აქვს.

"როიტერის" და "იფსოსის" ერთობლივი კვლევის მიხედვით, გამოკითხული რესპუბლიკელების 44% თვლის, რომ მან ბრალის წაყენების შემთხვევაში, ამერიკის პრეზიდენტის პოსტზე კენჭი აღარ უნდა იყაროს. ამ დრომდე, ტრამპის კამპანიის ოფისს კომენტარი ამასთან დაკავშირებით არ გაუკეთებია.

ეს პროცესი მხოლოდ ერთია იმ ბევრ გამოძიებას შორის, რომლის ეპიცენტრშიც ყოფილი პრეზიდენტი იმყოფება. მანჰეტენის საოლქო პროკურორმა ალვინ ბრაგმა, ნიუ-იურკის ნაფიც მსაჯულთა დიდ კოლეგიას წარუდგინა სამხილები მსახიობ სტორმი დენიელსისთვის $130 000-ის გადახდის შესახებ. მოწმეთა ჩვენებებით, მან ეს თანხა 2016 წლის საპრეზიდენტო კამპანიის ბოლო დღეებში, ტრამპთან სავარაუდო ურთიერთობის დამალვის სანაცვლოდ მიიღო.

ტრამპმა დენიელსთან ურთიერთობის ფაქტი უარყო. ყოფილი პრეზიდენტის ადვოკატმა მსახიობს ბრალი გამოძალვაში დასდო.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG