ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ადამიანის უფლებები საქართველოში - ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ახალი ანგარიში


"უცხოეთის აგენტებთან" დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული აქცია. 6 მარტი, 2023 წ. თბილისი, საქართველო.
"უცხოეთის აგენტებთან" დაკავშირებული კანონპროექტის წინააღმდეგ პარლამენტთან გამართული აქცია. 6 მარტი, 2023 წ. თბილისი, საქართველო.

შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა 20 მარტს მსოფლიოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის თაობაზე, 2022 წლის ანგარიში გამოაქვეყნა. მასში ბოლო წლებში საქართველოში ამ მიმართულებით შექმნილ ვითარებაზეც არის საუბარი.

ადამიანის უფლებრივ მდგომარეობასთან დაკავშირებულ შეჯამებაში, რომელიც წინ უძღვის საქართველოზე დაწერილ თავს, სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს სახელისუფლებო მართვის განშტოებებზე, 2020 წელს ჩატარებულ 2 არჩევნებზე, საქართველოს ძალოვანი სტრუქტურების მუშაობაში ბოლო წლებში დაფიქსირებულ ხარვეზებზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარ უკანონობებზე, მათ შორის, ეთნიკურ ქართველთა დაკავების ფაქტებზე და ბორდერიზაციის პრობლემებზე.

ძალოვანი სტრუქტურების მუშაობასთან დაკავშირებით შედგენილ ერთ-ერთ ქვეთავში საუბარია სახალხო დამცველის მიერ შედგენილ ანგარიშზე, რომელიც მიუთითებს, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში ადგილი ჰქონდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის „იზოლირებულ ინციდენტებს“. ეს განსაკუთრებით პრობლემური იყო ადმინისტრაციული დაკავებების დროს, როცა 2021 წელს, სხეულის დაზიანების შემთხვევები ადმინისტრაციულ დაკავებათა 26%-ში აღირიცხა. მონაცემი „34.5%-ით ნაკლებია 2020 წელთან შედარებით, თუმცა 12.8%-ით მაღალია 2016 წლის მონაცემებთან შედარებით“ - ნათქვამია ანგარიშში.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში რამდენიმე აბზაცი ეძღვნება საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიმართ არასათანადო მოპყრობას. მთელი 2022 წლის მანძილზე, სახალხო დამცველი განმეორებით ურჩევდა ოფიციალურ პირებს, რომ სააკაშვილისთვის „დროული და შესაფერი“ სამედიცინო მკურნალობის უზრუნველყოფაზე ეზრუნათ. 11 მარტს, სახალხო დამცველმა აღნიშნა, რომ ყოფილი პრეზიდენტის მიმართ მოპყრობა შესაძლოა ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-4 მუხლის დარღვევას წარმოადგენდა. მან არაერთხელ აღნიშნა, რომ პაციენტის მდგომარეობა „მკვეთრად უარესდებოდა“.

მიხეილ სააკაშვილს და ნიკა გვარამიას („მთავარი არხის“ ხელმძღვანელს) სახალხო დამცველის ოფისი, არასამთავრობოები და საქართველოს ოპოზიციური პარტიები პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ - ნათქვამია ანგარიშში.

ზოგადად, ანგარიშის მიხედვით, პენიტენციურ დაწესებულებებში მდგომარეობა „ადეკვატურია“. მაგრამ, „ზოგიერთ, შედარებით ძველ შენობაში არასაკმარისია ვენტილაცია, ბუნებრივი განათება, საცხოვრებელი სივრცე და ადეკვატური ჯანდაცვა“. ეს განსაკუთრებით პრობლემურია რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთში და ცხინვალის რეგიონში, სადაც ვითარება ქრონიკულად არ შეესაბამება დადგენილ სტანდარტებს.

ანგარიში ასევე საუბრობს სასამართლო სისტემის ხარვეზებზე. მათ შორის სახელდება სასამართლო დამოუკიდებლობაში და მიუკერძოებლობაში ჩარევა; გამჭვირვალობის ნაკლებობა, რაც საზოგადოების ნდობას უთხრის ძირს; შერჩევითი სამართალი; სამართლიანი სასამართლოს უფლების „მრავალი დარღვევა“.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში დიდ ადგილს უთმობს გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ფაქტებს. ამ ქვეთავში აღწერილია შემთხვევები, როცა „ჟურნალისტთა მნიშვნელოვანი ნაწილი“ ან არ დაუშვეს საჯარო ღონისძიებებზე, ან უარი უთხრეს მათ კრიტიკული ინფორმაციის მიწოდებაზე.

2022 წელს ჟურნალისტთა წინააღმდეგ მოვალეობის შესრულებისას მომხდარი ძალადობის ფაქტების რაოდენობამ წინა წელთან შედარებით იკლო. მაგრამ, გაიზარდა მათი სახელის შებღალვის ფაქტების რიცხვი. ანგარიში დეტალურად აღწერს ამ შემთხვევებს.

რაც შეეხება ინტერნეტის თავისუფლებას, შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში აღნიშნავს, რომ საქართველოს მთავრობა ინტერნეტზე წვდომას არ ზღუდავს და არც აფერხებს. თუმცა, ამ მიმართულებით „რჩება შეშფოთება უკანონო თვალთვალის გამო“.

ანგარიშში ასევე საუბარია კორუფციის შემთხვევებზე მთავრობაში და მათ ნაწილში გამჭვირვალობის უზრუნველყოფის ნაკლებობაზე; სქესობრივი ძალადობის შემთხვევებზე და ამ ფაქტების არასაკმარის აღრიცხვაზე; სქესობრივ, რასობრივ და ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის ფაქტებზე; ლგბტქი+ თემის წინააღმდეგ ძალადობის შემთხვევებზე; შეზღუდული უნარების მქონეთა დისკრიმინაციაზე, შრომითი უფლებების დარღვევებზე, თუ ტრეფიკინგის ფაქტებზე. განსაკუთრებით ხაზგასმულია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მომხდარი უკანონობები, ეთნიკურ ქართველთა დაკავების ფაქტები და ბორდერიზაციის პრობლემა.

Facebook Forum

ამავე თემაზე

XS
SM
MD
LG