საქართველოში ამერიკის საელჩო, საოკუპაციო ხაზთან დაკავებული ზაზა გახელაძისთვის თავისუფლების აღკვეთის შეფარდებას გმობს. საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ რუსეთის მიერ მართული უსაფრთხოების ძალების წარმომადგენლებმა, ის ადმინისტრაციული გამყოფი ხაზის მახლობლად დაჭრეს და დააკავეს.
"ჩვენ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ბატონი გახელაძის დაჭრისა და დაკავების რუსეთის მიერ განხორციელებული საშიში ქმედებები არ მოხდებოდა, რუსეთს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების თანახმად ნაკისრი ვალდებულებები რომ შეესრულებინა, რაც მისი ძალების კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე გაყვანას ითვალისწინებს.
დღევანდელი განაჩენი კიდევ ერთი მაგალითია რუსეთის მცდელობებისა, უკანონოდ გააკონტროლოს და გამოიყენოს საქართველოს რეგიონები: აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი.
რუსეთის ქმედებები საფრთხეს უქმნის საქართველოს ამ ტერიტორიებზე და მის მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს, ადამიანის უფლებებს, კულტურასა და პირად თავისუფლებებს, ასევე, არ აძლევს მათ საშუალებას გამოიყენონ საკუთარი უფლებები და შესაძლებლობები, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საქართველოს ყველა მოქალაქისთვის" - აცხადებს ამერიკის საელჩო.
ამასთან, საელჩო აცხადებს, რომ "რუსეთმა უკან უნდა წაიღოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარება და შეასრულოს 2008 წლის ცეცხლის შეწყვეტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - გაიყვანოს ძალები კონფლიქტის დაწყებამდე არსებულ პოზიციებზე და უზრუნველყოს ჰუმანიტარულ დახმარებაზე შეუფერხებელი წვდომა."
საელჩო თანადგომას უცხადებს გახელაძესა და მის ოჯახს, ასევე, "ყველა ოჯახს, რომელსაც რუსეთის მჩაგვრელი ოკუპაციის გაძლება უწევს."
Facebook Forum