ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაერო ადასტურებს, რომ თეირანს ურანი თითქმის ატომური იარაღისთვის საჭირო დონემდე აქვს გამდიდრებული


გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ბირთვული იარაღის მონიტორინგის სამსახურის ინსპექტორებმა დაადგინეს, რომ ირანის მიწისქვეშა ფორდოუს ურანის გამამდიდრებელ ლოკაციაზე ურანის ნაწილაკები 84 %- მდეა გამდიდრებული. ამის შესახებ საერთაშორისო ატომური ენერგეტიკის სააგენტოს გენერალურმა დირექტორმა რაფაელ გროსიმ განაცხადა.

გროსიმ დაადასტურა, რომ ურანის ნაწილაკები 83.7 %-მდეა გამდიდრებული, ბირთვული იარაღის შესაქმნელად კი 90 %--ია საჭირო. ეს კიდევ ერთხელ ზრდის შეშფოთებას იმის თაობაზე, რომ ირანს შეუძლია სულ მალე ატომური ბომბი შექმნას.

ამ გამდიდრების კვალი იანვარში აღმოაჩინეს, მაშინ, როცა ფორდოუს სადგურის შემოწმება მოხდა. სააგენტო ირანის ხელისუფლებას მათი წარმომავლობის შესახებ ესაუბრება. ირანის ხელისუფლების წარმომადგენლებმა სააგენტოს განუცხადეს, რომ უკიდურესად მაღალი გამდიდრების მაჩვენებელი წინასწარ დაუგეგმავი პროცესების გამო მოხდა.

ირანის სამოქალაქო ბირთვული პროგრამის პრეს-სპიკერი ბეჰრუზ კამალვანდი გასულ კვირას ამტკიცებდა, რომ 84 %-მდე ურანის გამდიდრება მხოლოდ შემთხვევითი, დროებითი გვერდითი ეფექტი იყო იმ პროცესში, როცა ისინი 60%-იანი სისუფთავის მიღწევას ცდილობდნენ.

ექსპერტები ამბობენ, რომ ამ მასშტაბის ვარიაცია ინსპექტორებისთვის საეჭვო იქნებოდა. ინფორმაცია ამ მონაცემების თაობაზე სააგენტოს კონფიდენციალურ კვარტალურ ანგარიშში იყო შეტანილი, რომელიც 28 თებერვალს გამჟღავნდა.

2015 წელს მიღწეული შეთანხმებით, რომელიც ამერიკამ 2018 წელს დატოვა, თეირანს ურანის გამდიდრების მაჩვენებელი 4%-ზე დაბალ ნიშნულზე უნდა შეენარჩუნებინა, რაც საკმარისია ატომური ელექტროსადგურის სამუშაოდ. თუმცა შეთანხმების აღდგენაზე საუბარი თვეების განმავლობაში წინ არ მიდის.

გროსი იანვარში ამბობდა, რომ ირანს ახლა საკმარისი ურანი აქვს იმისთვის, რომ რამდენიმე ატომური ბომბი შექმნას, თუ მოინდომებს. თუმცა თვეები იქნება საჭირო იმისთვის, რომ უშუალოდ იარაღი შეიქმნას და მისი რაკეტაზე განთავსება მოხდეს.

XS
SM
MD
LG