ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთის ახალი იერიში - რა ხდება უკრაინის ფრონტზე


უკრაინის ომი კრიტიკულ ფაზაში შედის. რამდენიმე კვირაა ვრცელდება ცნობები, რომ მოსკოვი უკრაინაში ახალი ფართომასშტაბიანი შეტევისთვის ემზადება.

ნატოს გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გასულ კვირას განაცხადა, რომ შეტევა უკვე მიმდინარეობს. მის დასაწყისად ზოგს დონბასში ცოტა ხნის წინ განახლებული ინტენსიური იერიში მიაჩნია. უკრაინის მხარე ამბობს, რომ რუსეთის თავდასხმის მოსაგერიებლად მზად არის, თუმცა, დამატებითი შეიარაღების მოთხოვნას განაგრძობს.

ვაშინგტონსა და კიევში, ახალ ფართომასშტაბიან იერიშსა და ფორმაზე რამდენიმე ვარაუდი არსებობს.

„აქ რამდენიმე კომპონენტია. პირველი - რუსეთი აქტიურ ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ცდილობს პანიკის დათესვას, რომ ფართომასშტაბიანი შეტევები მზადდება ფრონტის სხვადასხვა მიმართულებით. დღეს რუსეთი უკვე აწარმოებს ინტენსიურ, ახლო პოზიციებიდან ბრძოლებს ლუჰანსკის და დონეცკის მიმართულებით. ფაქტობრივად, ბრძოლები ძირითადად სწორედ იქ მიმდინარეობს და მასში დიდი ცოცხალი ძალაა ჩართული... ამასთან, რუსეთმა მართლაც დააგროვა ჯავშანტექნიკის, არტილერიისა და ცოცხალი ძალის გარკვეული რესურსები, რომლებიც მობილიზებულია ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ფრონტის ხაზიდან 100-150 კილომეტრის დაშორებით და სწორედ ამიტომ ვითხოვთ შორი რადიუსის რაკეტებს, რათა დონეცკი-ლუჰანსკი-ზაპორიჟიის მიმართულებით შეტევისთვის, რუსეთის ფედერაციის სამხედრო შესაძლებლობები მკვეთრად შევამციროთ”, - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი, „ამერიკის ხმის“ ქართულ რედაქციასთან საუბარში.

ომის კვლევების ინსტიტუტის შეფასებით, ყველაზე მოსალოდნელი სწორედ დონბასის მიმართულებით განახლებული შეტევაა. ორგანიზაციის ანალიზით, რუსეთს აქ საუკეთესო სამხედრო დანაყოფები ჰყავს მობილიზებული. რელიეფის გათვალისწინებით, რუსეთისთვის შეტევის საწარმოებლად საუკეთესო ვარიანტი სამხრეთ ლუჰანსკის და ჩრდილოეთ დონბასის მონაკვეთია.

“ჩვენი ანალიზით, რუსები დიდი ალბათობით, თავდასხმისთვის საჭირო პირობებს იქმნიან. სავარაუდოდ ეს მოხდება ლუჰანსკის რეგიონის მიმდებარე ტერიტორიაზე. ეს დასკვნა ეყრდნობა ცნობებს, რომ რუსები ამჟამად იქ განალაგებენ დანაყოფებს, რომლებიც ადრე ბელარუსში გაწვრთნეს“, - ამბობს ჯორჯ ბაროსი, ომის კვლევების ინსტიტუტიდან.

მოსკოვმა ახალი ძალებით შეტევა აქ, აპრილის წვიმების სეზონამდე უნდა მოასწროს. წინააღმდეგ შემთხვევაში მას ოპერაციული პაუზის აღება მოუწევს. ინსტიტუტში ასევე ამბობენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთს არ აქვს უნარი, ერთზე მეტი მიმართულებიდან შეუტიოს უკრაინას.

„ჩვენი ახლანდელი შეფასებით, რუსებს აქვთ საბრძოლო ძალის დეფიციტი და არ აქვთ შესაძლებლობა ფრონტის სხვადასხვა ნაწილში, რამდენიმე დიდი შეტევა ერთდროულად განახორციელონ. რუსი ბლოგერები საუბრობენ იმაზე, რომ ვუჰლედარისკენ მიდიან, თუმცა ჩვენი შეფასებით, მათ ამისთვის საკმარისი საბრძოლო შესაძლებლობა არ აქვთ. რუსეთს ძალა მხოლოდ ერთ მიმართულებაზე ფოკუსირებისთვის ეყოფა“, - განუცხადა ბაროსმა „ამერიკის ხმის“ უკრაინულ რედაქციას.

უკრაინაში ფრონტის ხაზზე, სამი მთავარი მიმართულება - კრემინა, ვუჰლედარი და ბახმურია. ამ დრომდე რუსეთმა მხოლოდ მცირე წარმატებას მიაღწია ბახმუტის მისადგომებთან. ქალაქისთვის ბრძოლა თვეებია მიმდინარეობს. მას რუსეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს რადგან, ბახმუტის დაკავება მოსკოვს გზას უხსნის უფრო დიდი ქალაქების, კრამატორსკისა და სლავიანსკისკენ.

რაც შეეხება ვუჰლედარის მიმართულებას, აქ რუსეთს, ბრიტანული დაზვერვის შეფასებით, უდიდესი დანაკარგები აქვს, მათ შორის, მისი ელიტური დანაყოფების რიგებშიც. დიდი ბრიტანეთის თავდაცვის მდივნის თქმით, ვუჰლედართან მთელი რუსული ბრიგადა განადგურდა. ამასთან, ბრიტანეთის თავდაცვის სამინისტრომ ამ კვირაში განაცხადა, რომ რუსულ ჯარებს მიეცათ “წინსვლის ბრძანება, მაგრამ მათ არ აქვთ საკმარისი შეტევითი საბრძოლო ძალა, რომელიმე მიმართულებით გადამწყვეტი ეფექტის მისაღწევად“.

პენტაგონის ინფორმაციით, რუსეთი უკრაინაში სახმელეთო ძალების 80%-ს იყენებს.

ამერიკული არმია ამბობს, რომ რუსეთს მაისამდე სჭირდებოდა დრო რათა ძალა აღედგინა ახალი გრძელვადიანი შეტევისთვის. თუმცა, კრემლს შედეგების ჩვენება ახლა სურს და ჯარი პოლიტიკური ზეწოლის ქვეშაა. სწორედ ამიტომ, ანუ, ამერიკული მხარის დასკვნით, მოსკოვი ახლა იწყებს იერიშს, თუმცა ამისთვის მზად არაა.

„თუ ესაა, [რუსეთის ახალი იერიში], ეს პათეტიკურია” - თქვა ფრონტზე მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, სახელმწიფო მდივნის მოადგილემ, ვიქტორია ნულანდმა ჟურნალისტებთან საუბრისას. ამერიკის მთავრობის სხვა წარმომადგენელებიც აცხადებენ, რომ ამ ეტაპზე რუსეთი მხოლოდ ბახმუტისკენ შეეცდება გარღვევა ჰქონდეს, რათა ომის წლისთავზე საკუთარ მოსახლეობას აჩვენოს, რომ ის წარმატებას აღწევს.

„რუსეთი მზად არ არის მასიური შეტევები განახორციელოს. გარკვეულ ნაწილებში გარღვევას ეცდებიან. სურთ სტაბილიზაცია მოახერხონ კრემინას და ლუჰანსკის გარშემო. სურთ, ბოლოს და ბოლოს ბახმუტი აიღონ. აქ მეტ ჯარებს განათავსებენ. თუმცა ეს არ იქნება ფართო შეტევა. არ იკვეთება, რომ ამისთვის მზად არიან, შეიარაღების თუ ცოცხალი ძალის მაგალითზე... ჩვენი მთავრობა თუ დაინახავს, რომ შეტევა იწყება, მაშინ ამაზე შეგვეძლება საუბარი, თუმცა ახლა ეს ასე არაა“, - განუცხადა ალექსანდრე ვინდმანმა, ეროვნული უშიროების საბჭოს ევროპის მიმართულების ყოფილმა ხელმძღვანელმა და აშშ-ის არმიის გადამდგარმა ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა „ამერიკის ხმას“.

კიდევ ერთი მიმართულება, საიდანაც რუსეთის შესაძლო შეტევაზე უკვე თვეებია საუბრობენ - ბელარუსის მიმართულებაა. თუმცა, უკრაინული მხარე ამბობს, რომ ჯერჯერობით ამ მიმართულებიდან თავდასხმას არ ელიან.

„ჩვენი სადაზვერვო მონაცემებიდან გამომდინარე, ჯერ ვერ ვხედავთ აქტიურ მოსამზადებელ ზომებს ბელარუსის მიმართულებით. ანუ უხეშად რომ ვთქვათ, იქ დამრტყმელი ძალა არ არის ჩამოყალიბებული. არ არის ჯავშანტექნიკა, ზალპური და სარაკეტო არტილერია და ა.შ. შესაბამისად, ძირითადი მოვლენები უკვე მიმდინარეობს დონეცკ-ლუჰანსკის მიმართულებით,“ - ამბობს მიხაილო პოდოლიაკი.

უკრაინული მხარის თქმით, რუსეთს ახალი თავდასხმისთვის მზად 500,000 სამხედრო ჰყავს. ამ ძალის ნაწილის დაკომპლექტება სექტემბერში გამოცხადებული მობილიზაციის საფუძველზე მოხდა. დასავლეთში კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ამ ახალი დანაყოფების საბრძოლო მომზადების, აღჭურვისა და ეფექტურობის დონეს.

იანვარში, გერმანიამ, აშშ-მ და ნატოს რამდენიმე სხვა მოკავშირემ უკრაინისთვის ტანკების გადაცემის გადაწყვეტილება მიიღო. კიევი ახლა სამხედრო თვითმფრინავებს და შორი რადიუსის რაკეტებს ითხოვს.

ვაშინგტონში ვარაუდობენ, რომ უკრაინა გაზაფხულზე, რუსული საოკუპაციო ძალების წინააღმდეგ, კონტრშეტევას დაიწყებს.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG