ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

გაეროს გენერალური ასამბლეის საგანგებო სესიის წინ, რუსეთმა უკრაინას რაკეტები დაუშინა


ხუთშაბათს, რუსეთის ძალებმა უკრაინაზე რაკეტებით თავდასხმა განახორციელა, მთელი ქვეყნის მასშტაბით სამიზნეებს დაარტყა და სულ მცირე, ერთი ადამიანი მოკლა.

უკრაინის ოფიციალური პირების ცნობით, ქვეყნის ანტი-საჰაერო თავდაცვამ 36 რუსული რაკეტიდან 16 ჩამოაგდო.

ეს ყველაზე ბოლო საჰაერო თავდასხმა იმ დროს მოხდა, როდესაც ნორვეგიამ უკრაინის დახმარების ხუთწლიანი პაკეტი დაამტკიცა, რომლის მთლიანი მოცულობა 7 მილიარდი დოლარია.

გაეროს გენერალური ასამბლეის რეზოლუციის პროექტი, რომელსაც კენჭს მომავალ კვირაში, საგანგებო სესიაზე უყრიან, მოუწოდებს უკრაინაში საომარო მოქმედებების შეწყვეტისკენ და მშვიდობის მიღწევისკენ, რომელიც უკრაინის „სუვერენიტეტს, დამოუკიდებლობას და ტერიტორიულ მთლიანობას“ უზრუნველჰყოფს.

მოსალოდნელია, რომ 23 თებერვალს, რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთი წლისთავამდე ერთი დღით ადრე, გენერალური ასამბლეა ამ რეზოლუციას დაამტკიცებს.

რეზოლუციის პროექტი გაეროს და წევრ ქვეყნებს მოუწოდებს მშვიდობის მისაღწევად დიპლომატიურ ძალისხმევას მიმართონ.

ამასთან ერთად, რეზოლუცია რუსეთისგან მოითხოვს უკრაინის სამოქალაქო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები შეწყვიტოს და უკრაინიდან მთელი თავისი სამხედრო ძალები დაუყოვნებლად გაიყვანოს.

გენერალური ასამბლეის რეზოლუციებს სავალდებულო კანონის ძალა არ აქვს, მაგრამ მას პოლიტიკური წონა გააჩნია და მსოფლიოს შეხედულებას აჩვენებს.

გაეროს უშიშროების საბჭოში მიღებულ ასეთივე რეზოლუციას სავალდებულო კანონის ძალა ექნებოდა, მაგრამ ამის მიღწევის შესაძლებლობა არ არსებობს, რადგან რუსეთს საბჭოს ხუთი მუდმივი ადგილიდან ერთი უკავია და ვეტოს უფლება აქვს.

გენერალურმა ასამბლეამ უკვე დაამტკიცა რამდენიმე რეზოლუცია, რომელიც უკრაინისადმი მხარდაჭერას გამოხატავს და რუსეთის სამხედრო მოქმედებებს აკრიტიკებს.

XS
SM
MD
LG