დავით არახამიამ უკრაინის მმართველი პარტიის „ხალხის მსახური“ თავმჯდომარემ განაცხადა, რომ კორუმპირებული მაღალჩინოსნების მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა გატარდება.
არახამია აცხადებს, რომ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის ფონზე, ოფიციალური პირები, ომსა და დაზარალებულების დახმარებაზე უნდა ფოკუსირდნენ, შეამცირონ ბიუროკრატია და შეწყვიტონ „საეჭვო ბიზნესი“.
„ბევრმა მათგანმა ეს გზავნილი გაიგო. თუმცა, ბევრმა, სამწუხაროდ - არა. ამ გაზაფხულზე, დაკავებებს აქტიურად ვაპირებთ. თუ ჰუმანური მიდგომა არ მუშაობს, ამას საომარი მდგომარეობის ფარგლებში გავაკეთებთ“ - განაცხადა არახამიამ ორშაბათს.
მანამდე, კვირას ანტიკორუფციულმა სამსახურმა, ინფრასტურუქტურის მინისტრის მოადგილის დაკავების შესახებ გაავრცელა განცხადება. უწყების განცხადებით, მინისტრის მოადგილე $400 000 ოდენობის ქრთამის აღებაშია ეჭვმიტანილი. საქმე გასული წლის სექტემბერში ქვეყანაში გენერატორების იმპორტს ეხება.
გარდა ამის, ერთ-ერთმა უკრაინულმა გამოცემამ, შაბათს ჟურნალისტური გამოძიება გამოაქვეყნა. სტატიის თანახმად, თავდაცვის სამინისტრო, ჯარისკაცებისთვის განკუთვნილი საკვების მიმწოდებლებს გაზრდილ თანხებს უხდის. თავდაცვის უწყება აცხადებს, რომ ჟურნალისტური გამოძიება „განზრახ მანიპულირების ნიშნებს“ შეიცავს და „შეცდომაში შემყვანია“.
უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი ომის დაწყებამდე, კორუფციასთან ბრძოლა ვოლოდომირ ზელენსკის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და დეკლარირებული პოლიტიკა იყო. მის ყოველდღიურ მიმართვაში გუშინ მან განაცხადა, რომ მკაცრი ზომების შესახებ ინორმაცია, რომელსაც ხელისუფლება გაატარებს, მიმდინარე კვირაში გამოცხადდება.
„მინდა, რომ ეს ცხადი იყოს: აღარ დაბრუნდება ის, რაც ადრე იყო, როგორც ცხოვრობდნენ სახელმწიფო ინსტიტუტებთან დაახლოებული ადამიანები, ისინი, ვინც მთელი ცხოვრება სკამის დევნაში გაატარეს“ - განაცხადა ზელენსკიმ.