ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: "ტერორი დისკუსიების დროს აღარ ტოვებს"


უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გერმანიაში შეკრებილ მოკავშირეებს სიტყვით მიმართა და მოწინავე იარაღის მიწოდების დაჩქარებისკენ მოუწოდა. ახლა ყურადღების ცენტრშია ბერლინი, რომელიც უკრაინისთვის "ლეოპარდი 2"-ის ტიპის ტანკების გადაცემის წინააღმდეგია. ნატოს ზოგიერთი წევრი ქვეყანა მზადაა უკრაინას ეს ტანკები თავად გადასცეს, თუმცა ამისთვის გერმანიის, როგორც მწარმოებელი ქვეყნის თანხმობაა საჭირო.

რამშტეინის საჰაერო ბაზაზე ნატოს თავდაცვის მინისტრები უკრაინელ კოლეგებთან ერთად "უკრაინის საკონტაქტო ჯგუფის" ფარგლებში შეიკრიბნენ და კიევის დახმარების გზებს განიხილავენ. ვიდეო-მიმართვისას ვოლოდიმირ ზელენსკიმ თქვა, რომ ახლა ამა თუ იმ ტანკის რაოდენობაზე ვაჭრობის დრო არ არის და საჭიროა, რომ მოკავშირე ქვეყნებმა უკრაინისთვის "გახსნან იარაღის არსებითი მარაგები", რაც "ბოროტებას შეაჩერებს".

ზელენსკიმ მოკავშირეებს უთხრა, რომ "ტერორი დისკუსიების დროს აღარ ტოვებს", და ომი, რომელიც რუსეთმა დაიწყო, დაყოვნების უფლებას არ იძლევა.

ამერიკის თავდაცვის მდივანმა, ლოიდ ოსტინმა თქვა, რომ დრო უკრაინის საწინააღმდეგოდ მუშაობს, რუსეთი კი გადაჯგუფებას და გადაიარაღებას ახერხებს. მისი თქმით, ახლა არა შენელების, არამედ პირიქით, უფრო სიღრმისეული მხარდაჭერის დროა. "ჩვენ გვიყურებს უკრაინელი ხალხი, გვიყურებს კრემლი და გვიყურებს ისტორია", - თქვა ოსტინმა.

ლოიდ ოსტინმა და გენერალმა მარკ მილიმ, გაერთიანებული შტაბების მეთაურმა ამ შეხვედრაზე უკრაინისთვის ამერიკის კიდევ ერთი - 2.5 მილიარდი დოლარის ღირებულების სამხედრო დახმარების პაკეტი წარმოადგინეს. 19 იანვარს პენტაგონმა თქვა, რომ უკრაინა "სტრაიკერის" ტიპის ჯავშანტექნიკას მიიღებს, მაგრამ არა "აბრამსის" ტიპის ტანკებს, რომელთაც კიევი ითხოვს.

ამ დრომდე ვაშინგტონიც თავს იკავებს "M1 აბრამსის" ტიპის ტანკების უკრაინისთვის გაგზავნაზე იმ მიზეზით, რომ ამ ტანკების უზრუნველყოფა ძალიან რთული და ძვირია და რომ მათი გადაცემა ნაკლებ მიზანშეწონილი იქნება. ამერიკის განმარტებით, უკრაინისთვის მეტად გამოსადეგი ის "ლეოპარდები" იქნება, რომელთა გადაცემაც ევროპელ მოკავშირეებს შეუძლიათ.

გერმანიის კანცლერი უკრაინისთვის ლეოპარდების გადაცემის საკითხს ამ დრომდე "უკიდურესად საშიშად და ესკალაციურად" მიიჩნევს და ამბობს, რომ უფრო გრძელი რადიუსის მქონე იარაღის კიევისთვის გადაცემა მოსკოვს გააღიზიანებს და გამოიწვევს.

უკრაინის პრეზიდენტის მრჩეველი, მიხაილო პოდოლიაკი ამბობს, რომ "ნამდვილი ლიდერობა გულისხმობს მაგალითით წინამძღოლობას, მაგალითით ლიდერობას და არა სხვების მიბაძვას", - დაწერა პოდოლიაკმა "ტვიტერზე".

"ვაშინგტონიდან ლონდონამდე, პარიზიდან ვარშავამდე, ერთი რამ გვესმის: უკრაინას სჭირდება ტანკები - ესაა ომის სათანადოდ დასასრულებლად საჭირო. დროა ვლადიმირ პუტინის წინაშე კანკალი დასრულდეს და საბოლოო ნაბიჯი გადაიდგას", - ამბობს ის.

XS
SM
MD
LG