ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

უკრაინა მოუწოდებს მოკავშირეებს, ქვეყანას ტანკები გაუგზავნოს


უკრაინა კვლავ მოუწოდებს დასავლეთს, გადასცეს ტანკები, რათა ისინი რუსეთთან ომში, მტრის დასამარცხებლად გამოიყენოს. უკრაინელები ამბობენ, რომ რუსებს "მნიშვნელოვანი რიცხობრივი, იარაღის და სამხედრო შეიარაღების უპირატესობა აქვს".

ერთობლივ განცხადებაში, საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ და თავდაცვის მინისტრმა, ოლექსი რეზნიკოვმა, მადლობა გადაუხადეს 50 ქვეყანას, რომელიც უკრაინას ომში ეხმარება.

თუმცა, იმავე განცხადებაში მინისტრები ამბობენ, რომ ომის დაწყებისთანავე, უკრაინას მუდმივად უწევს იბრძოლოს იმისთვისაც, რომ დასავლეთმა მათ თანამედროვე ტანკები გადასცეს.

კულებამ და რეზნიკოვმა მადლობა გადაუხადეს ბრიტანეთს "ჩელენჯერ 2"-ის გაგზავნის გადაწყვეტილების გამო და თხოვეს გერმანიას, რომ მიბაძოს ბრიტანეთს და გერმანული წარმოების "ლეოპარდები" გადასცეს უკრაინას.

"გარანტიას გაძლევთ, რომ ამ იარაღს პასუხისმგებლობით და მხოლოდ, საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების შიგნით, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის გამოვიყენებთ",- ნათქვამია მინისტრების განცხადებაში.

სააგენტო "როიტერთან" საუბარში ამერიკელმა და გერმანელმა მაღალჩინოსნებმა თქვეს, რომ გერმანია უკრაინას გადასცემს "ლეოპარდებს" იმ შემთხვევაში, თუ ამერიკა კიევს თავის "ამბრამსის" ტიპის ტანკებს გაუზგავნის.

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი, ლოიდ ოსტინი ახლა გერმანიაში იმყოფება. ის ქვეყნის ახალ თავდაცვის მინისტრს შეხვდა. გარდა ამისა, მოკავშირეების რამშტაინის ბაზაზე, ხვალ, პარასკევს შეხვედრა იგეგმება, სადაც უკრაინისთვის დამატებითი სამხედრო ტექნიკის გადაცემა უნდა განიხილონ.

XS
SM
MD
LG