ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ნატო რუსეთის მოქმედებებზე დასაკვირვებლად რუმინეთში სათვალთვალო თვითმფრინავებს განალაგებს


სამშაბათს რუმინეთში ნატოს სათვალთვალო თვითმფრინავი ჩაფრინდა, რათა სამხედრო ალიანსის აღმოსავლეთი ფლანგი გააძლიეროს და რუსულ სამხედრო მოქმედებებზე დაკვირვება გააუმჯობესოს.

პირველი ასეთი თვითმფრინავი, ბუქარესტის სიახლოვეს მდებარე ავიაბაზაზე დაეშვა. სავარაუდოდ, რუმინეთში კიდევ ორი ასეთი თვითმფრინავი ჩაფრინდება. ეს თვითმფრინავები ქვეყანაში რამდენიმე კვირის განმავლობაში დარჩება.

გასულ კვირაში ნატომ განაცხადა, რომ ბუქარესტში საჰაერო ბაზირების გაფრთხილების და კონტროლის სისტემებს (AWACS) განალაგებს, საიდანაც ისინი სადაზვერვო ფრენებს მხოლოდ ნატოს ტერიტორიის თავზე შეასრულებენ.

რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა ანგელ ტილვარმა „ფეისბუქზე“ დაწერა, რომ „უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის უკანონო ომის კონტექსტში, ნატო აღმოსავლეთ ფლანგზე სამხედრო მოქმედებებს „ავაქს“ თვითმფრინავების დახმარებით დააკვირდება“.

რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდეგ, ნატომ აღმოსავლეთ ევროპაში და ბალტის ქვეყნებში საჰაერო ძალების წარმომადგენლობა გააძლიერა, იყენებს ავიაგამანადგურებლებს, სადაზვერვო თვითმფრინავებსა და (საჰაერო) ტანკერებს.

რუმინეთში განლაგებული თვითმფრინავები ნატოს 14 სადაზვერვო თვითმფრინავისგან შემდგარ ფლოტს ეკუთვნის, რომელიც გერმანიაშია განლაგებული. ნატოს განცხადებით, ამ თვითმფრინავებს სხვა საფრენი აპარატების აღმოჩენა ასეულობით კილომეტრის დაშორებით შეუძლია.

„იმ დროს, როდესაც უკრაინაში რუსეთის უკანონო ომი გრძელდება და ევროპაში მშვიდობას და უსაფრთხოებას ემუქრება, არ უნდა არსებობდეს ეჭვი ნატოს მტკიცე ნების შესახებ, რომ ის ალიანსის ტერიტორიის ყოველ სანტიმეტრს დაიცავს,“ - განაცხადა ნატოს პრეს-მდივანმა ოანა ლუნგესკუმ

XS
SM
MD
LG