ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

რუსეთში კიდევ 20-მდე ყირიმელ თათარს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯეს


რუსეთის სასამართლომ ყირიმელი თათრების კიდევ ერთ ჯგუფს ხანგრძლივი პატიმრობა მიუსაჯა. მათ ბრალი აკრძალული ისლამური ჯგუფის წევრობაში ედებათ.

უფლებადამცველი ორგანიზაციის "ყირიმული სოლიდარობის" განცხადებით, რუსეთის სამხრეთ რაიონის სამხედრო სასამართლომ სამხრეთ-დასავლეთში მდებარე ქალაქ დონის როსტოვში 20-მდე ბრალდებულს 13 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. მათ შორის არიან სერვეტ გაზიები, ჯემილ გაფაროვი, ალიმ კარიმოვი, სეირან მურთაზა და ერთან ოსმანოვი. მათ "ჰიზბ უტ-ტაჰრირის" ჯგუფის წევრობა ედებათ ბრალად.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სასჯელის მოხდის შემდეგ მსჯავრდებულთაგან 5 კიდევ 18 თვის განმავლობაში პრობაციის მსგავსი ზედამხედველობის ქვეშ დარჩება.

ყველა მსჯავრდებული თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს და ამბობს, რომ მათი ისლამური აღმსარებლობა დანაშაული არ შეიძლება იყოს.

უფლებადამცველი ორგანიზაცია Crimea.SOS-ის წარმომადგენელი იევჰენ იაროშენკო სასამართლოს გადაწყვეტილებამდე ერთი დღით ადრე ამბობდა, რომ გაჯაროვსა და გაზიევს, რომელთაც ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა აქვთ, შესაბამის სამედიცინო დახმარებაზე უარს ეუბნებიან და მათი ჯანმრთელობა ყოველდღიურად უარესდება. "ყირიმის სოლიდარობის" ჯგუფის 5 აქტივისტი 2019 წლის მარტში ყირიმში, 19 სხვა ყირიმელ თათართან ერთად დააკავეს. უფლებადამცველები 24-ივე დაკავებულს პოლიტიკურ პატიმრებად მიიჩნევენ.

"ჰიზბ უტ-ტაჰრირი" ისლამური ჯგუფია, რომელიც რუსეთში აკრძალულია, თუმცა არა უკრაინაში. მოსკოვის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიის შემდეგ, რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებმა არაერთი ყირიმელი თათარი გაასამართლეს სწორედ ამ ჯგუფის წევრობის ბრალდებებით. 2014 წლის შემდეგ რუსეთის მიერ ნახევრკუნძულის ანექსიას არაერთი ყირიმელი თათარი აპროტესტებდა.

XS
SM
MD
LG