ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

წარმომადგენელთა პალატამ ამერიკის თავდაცვისთვის უპრეცედენტო ბიუჯეტის კანონპროექტი დაამტკიცა


შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ ხუთშაბათს მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც ამერიკის თავდაცვის ბიუჯეტს მომავალ წელს რეკორდული მასშტაბით დააფინანსენს. კონგრესმა ადმინისტრაციას 858 მილიარდ დოლარი დაუმტკიცა თავდაცვის დეპარტამენტისთვის, რაც 45 მილიარდით აღემატება პრეზიდენტ ჯო ბაიდენის მიერ მოთხოვნილ თანხას.

წარმომადგენელთა პალატამ „ეროვნული თავდაცვის ავტორიზაციის აქტის“ კომპრომისული ვერსია მიიღო, რომელსაც 435 წევრიდან მხარი 350-მა დაუჭირა, 80 კი წინააღმდეგ წავიდა. ეს მხარდაჭერა ბევრად აღემატება ხმათა სავალდებული 2/3-ს, რომლის მიღების შემდეგაც კანონპროექტი სენატს ეგზავნება განსახილველად. 2023 წლის ბიუჯეტი მოიცავს სამხედრო პერსონალისთვის ხელფასის 4,6%-ით გაზრდას, იარაღის, გემებისა და თვითმფრინავების შესყიდვის დაფინანსებას და ასევე ტაივანის და უკრაინის მხარდაჭერას, ერთის მხრივ - ჩინეთის და მეორეს მხრივ რუსეთის აგრესიული პოლიტიკის საპირწონედ.

კანონპროექტის დასამტკიცებლად ერთ-ერთი კომპრომისი, რომელიც რესპუბლიკელებსა და დემოკრატებს შორის შედგა, კოვიდ-19-ის ვაქცინას ეხებოდა. დემოკრატები რესპუბლიკური უმცირესობის მოთხოვნას დათანხმდნენ, რომ თავდაცვის მდივანმა ჯარისკაცებისთვის კოვიდ-19-ს საწინააღმდეგო სავალდებულო ვაქცინაცია გააუქმოს.

ის ასევე უზრუნველყოფს უკრაინისთვის, მინიმუმ, 800 მილიონი დოლარის დამატებითი დახმარების აღმოჩენას მომავალ წელს და მოიცავს მთელ რიგ დებულებებს ტაივანის გასაძლიერებლად ჩინეთთან დაძაბულობის ფონზე.

კანონპროექტი უფლებას აძლევს მეტი თანხების მოძიებას ახალი იარაღისა და სისტემების შესაქმნელად და შესაძენად, მათ შორის, „ლოკჰიდ მარტინის“ ეფ-35 ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებისა და „ჯენერალ დაინამიკსის“ გემებისთვის.

მოსალოდნელია, რომ ამერიკის სენატი მომავალ კვირას კანონპროექტს დაამტკიცებს და მას მას თეთრ სახლში პრეზიდენტ ბაიდენს ხელმოსაწერად გაუგზავნის.

თუმცა, თავდაცვის ავტორიზაციის აქტი არ არის ხარჯების შესახებ საბოლოო ნაბიჯი. კანონპროექტის დამტკიცების შემდეგ, კონგრესმა უნდა დაამტკიცოს ცალკეული ასიგნებების კანონპროექტები, რომლებიც გამოყოფილი თანხების დასახარჯად, მთავრობას მისცემს კანონიერ უფლებამოსილებას.

XS
SM
MD
LG