ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

პრეზიდენტი ზელენსკი: ყველაფერს დავძლევთ, გადავიტანთ, გავიმარჯვებთ


უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 21 ნოემბერი, 2022 წ.
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი. კიევი, 21 ნოემბერი, 2022 წ.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ თანამოქალაქეებს ვიდეომიმართვით მიულოცა ღირსების და თავისუფლების დღე, რომელსაც უკრაინა 21 ნოემბერს აღნიშნავს.

ზელენსკის განცხადებით, ყველამ დაინახა, რომ უკრაინელი ხალხი მზად არის ბოლომდე იდგეს. მან არ დაკარგა ღირსება, ვაჟკაცობა, საკუთარი თავის რწმენა და გაერთიანდა, რათა არ დაკარგოს თავისუფლება, დამოუკიდებლობა და უკრაინა.

ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინელები შეიძლება დარჩნენ ფულის, ბენზინის, ცხელი წყლის და შუქის გარეშე, მაგრამ - არა თავისუფლების. "ყველაფერს გადავლახავთ, დავძლევთ, გადავიტანთ, გავიმარჯვებთ!" - აცხადებს უკრაინის პრეზიდენტი.

2013 წლის 21 ნოემბრიდან კიევში და უკრაინის რეგიონებში დაიწყო მასობრივი საპროტესტო აქციები მას შემდეგ, რაც ქვეყნის მაშინდელმა პრეზიდენტმა ვიქტორ იანუკოვიჩმა უარი თქვა ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების ხელმოწერაზე.

ევროკავშირთან ინტეგრაციის მოთხოვნით, ქუჩაში გამოსულ უკრაინელებს იანუკოვიჩის ხელისუფლებამ ძალა დაუპირისპირა. „ღირსების რევოლუციას“, რომელსაც 2014 წლის თებერვალში მოჰყვა იანუკოვიჩის გადადგომა და რუსეთში გაქცევა, 100-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. 2014 წელს, უკრაინის ახალმა პრეზიდენტმა პეტრო პოროშენკომ გამოსცა განკარგულება და 21 ნოემბერი გამოაცხადა ღირსების და თავისუფლების დღედ.

დღეს უკრაინა რუსეთის ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის წინააღმდეგ იბრძვის. რუსული არმია უკრაინის ტერიტორიაზე განმეორებით 2022 წლის 24 თებერვალს შეიჭრა.

Facebook Forum

XS
SM
MD
LG