ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

ზელენსკი: ომი დასრულდება, როცა რუსეთი უკრანიდან გავა


უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ „საომარი მოქმედებების რეალური და სრული შეწყვეტა“ მოხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რუსეთი უკრაინიდან ჯარს გაიყვანს და უკრაინა დაიბრუნებს ქვეყნის სრულ ტერიტორიაზე კონტროლს.

ბალიში მიმდინარე დიდი ოცეულის სამიტზე, ვიდეო მიმართვაში ზელენსკიმ განაცხადა, რომ ომის დასრულების გადადება კიდევ უფრო მეტი უკრაინელის სიკვდილს და მსოფლიოსთვის მეტ საფრთხეს ნიშნავს.

"დარწმუნებული ვარ, რომ ახლაა დრო, როდესაც რუსეთის დესტრუქციული ომი უნდა შეჩერდეს",- თქვა ზელენკიმ მსოფლიოს ლიდერებთან საუბრის დროს.

უკრაინის პრეზიდენტი, დიდი ოცეულის სამიტზე გამოსვლამდე, გათავისუფლებულ ხერსონს ეწვია, სადაც მან ჯარისკაცებთან საუბრის დროს თქვა, რომ უკრაინა "მზადაა მშვიდობისთვის".

ხერსონის უკრაინული ძალების ხელში დაბრუნებასთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმაც. მისი თქმით, ეს "მნიშვნელოვანი გამარჯვებაა" უკრაინისთვის.

"არაფერია სათქმელი გარდა იმისა, რომ ტაში დავუკრა უკრაინელი ხალხის და უკრაინული ჯარის გამბედაობას, თავდადებას და უნარებს... ისინი არაჩვეულებრივები არიან",- თქვა პრეზიდენტმა ბაიდენმა.

პრეზიდენტ ბაიდენის განმარტებით, დასავლეთი განაგრძობს უკრაინის მხარდაჭერას. მისივე თქმით, დასავლელი მოკავშირეები, რომლებიც უკრაინას უჭერენ მხარს, არ აიძულებენ ქვეყანას ომის დასრულებისთვის დაზავებას. ამერიკის პრეზიდენტი ამბობს, რომ არაფერი მოხდება უკრაინასთან დაკავშირებით, უკრაინის გარეშე.

პრეზიდენტ ზელენსკის ვიზიტზე კომენტარი გააკეთეს კრემლშიც. კრემლის სპიკერმა დმიტრი პესკოვმა დაგმო უკრაინის პრეზიდენტის ხერსონში ვიზიტი და თქვა, რომ ეს "ტერიტორია რუსეთის ფედერაციის ნაწილია".

XS
SM
MD
LG