ევროპარლამენტის საგარეო საკითხთა კომიტეტის სხდომაზე 8 ნოემბერს განიხილავენ მწვავე შინაარსის ცვლილებებს, რომლებიც შესაძლოა საქართველოსთან დაკავშირებული რეზოლუციის ტექსტში აისახოს.
წარმოდგენილ შესწორებებში კვლავ ქვეყნის ცხოვრების განმსაზღვრელ ოლიგარქად არის მოხსენიებული "ქართული ოცნების" დამფუძნებელი, ბიძინა ივანიშვილი, ლაპარაკია მის კავშირებზე კრემლთან და მოთხოვნილია მისთვის სანქციების დაწესებაც.
ევროპარლამენტარები თავიანთ შესწორებებში ლაპარაკობენ საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე, მედიისა და ოპოზიციის წარმომადგენლების პოლიტიკურ დევნაზე და ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებასაც ითხოვენ.
8 სექტემბრამდე დათქმულ ვადაში, სხვადასხვა პოლიტიკური ჯგუფის წარმომადგენელმა ევროპარლამენტარებმა კომიტეტს წარუდგინეს 220 შესწორება. ზოგიერთი მათგანი წმინდა ტექნიკურია, ზოგი კი ერთმანეთს შინაარსობრივად იმეორებს.
რეზოლუციის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს საკითხზე მომხსენებლის, ესტონელი ევროპარლამენტარის, სვენ მიკსერის (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) მიერ მომზადებული ყოველწლიური ანგარიში „ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ “, რომლის პირველი პროექტი ევროპარლამენტის კომიტეტში 13 ივლისს განიხილეს.
რა წერია შესწორებებში ბიძინა ივანიშვილზე?
“ქართული ოცნების” დამფუძნებლის სანქცირების აუცილებლობას ევროპარლამენტარები სხვადასხვა მიზეზის გამო და არაერთი ფაქტორის გათვალისწინებით ხედავენ. სხვადასხვა შესწორების ტექსტებში ის კრემლთან დაკავშირებულ ოლიგარქად არის მოხსენიებული, რომელსაც „გადაჭარბებული ზეგავლენა“ აქვს დღევანდელი მთავრობის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის - მედიის წარმომადგენლებისა თუ ოპოზიციონერების დევნის კუთხით.
მაგალითად, #69 შესწორება ითხოვს ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესწავლას, რუსეთის მიერ სანქციებისთვის გვერდის ავლისთვის საქართველოს სავარაუდო გამოყენებასთან დაკავშირებული ცნობების ფონზე.
„[ევოპარლამენტი] შეშფოთებულია ცნობებით, რომ რუსეთის მოქალაქეები და ორგანიზაციები, თითქოს და, იყენებენ საქართველოს დასავლეთის სანქციების გვერდის ასავლელად. [ევროპარლამენტი] მოუწოდებს ევროკავშირის ინსტიტუტებს გააგრძელონ ამ ბრალდებების შესწავლა, კერძოდ - შეისწავლონ სხვადასხვა ანგარიში, მათ შორის - კორუფციასთან ბრძოლის უკრაინის ეროვნული სააგანტოს [ანგარიში] ბიძინა ივანიშვილის რუსეთთან კავშირების შესახებ. ამ ცნობების დადასტურების შემთხვევაში, [ევროპარლამენტი] მოუწოდებს, დაუწესდეთ პერსონალური სანქციები მას და მის ახლო მოკავშირეებს“, - ვკითხულობთ ტექსტში.
ამ შესწორების ავტორები არიან: ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს (ევრიპელი კონსერვატორებისა და რეფორმატორების ჯგუფი - ECR Group)
#107-ე შესწორებაში ნათქვამია, რომ ივანიშვილი ქვეყნის ცხოვრებაზე ძლიერ კონტროლს ინარჩუნებს „ყოფილი ახლო მოკავშირეების უმაღლეს თანამდებობებზე წარდგენის მიმდინარე ტენდენციით“.
„[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის აუცილებლობას ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრულ ერთ-ერთ პრიორიტეტს, რომლის შესრულებაც საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე. ამასთან დაკავშირებით ადასტურებს შეშფოთებას მისი როლის გამო საქართველოს პოლტიკურ ცხოვრებაში, განსაკუთრებით - მისი ყოფილი ახლო მოკავშირეების უმაღლეს თანამდებობებზე წარდგენის მიმდინარე ტენდენციის გამო, რომელთა წყალობითაც ის ინარჩუნებს ძლიერ კონტროლს ხელისუფლებაზე და მის გადაწყვეტილებებზე, მათ შორის - ოპოზიციის მომხრე ჟურნალისტების პოლიტიკურად მოტივირებულ დევნაზე;
[ევროპარლამენტი] ძლიერ წუხს ივანიშვილის პერსონალური და ბიზნესკავშირების გამო კრემლთან, რომელიც განსაზღვრავს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლების პოზიციას რუსეთზე სანქციების მიმართ. შესაბამისად, კიდევ ერთხელ იმეორებს თავის მოწოდებას საბჭოსა და ტრანსატლანტიკური პარტნიორების მიმართ განიხილონ პერსონალური სანქციების დაწესება ბატონი ივანიშვილისთვის, როგორც უშუალო პასუხისმგებელი პირისთვის დემოკრატიის, მედიის თავისუფლების უკუსვლისთვის და რუსეთთან ორაზროვანი ურთიერთობისთვის“.
შესწორების ავტორები არიან: ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს (ECR Group)
ბიძინა ივანიშვილის კრემლთან კავშირებია ხაზგასმული #112-ე შესწორებაშიც, რომლის ავტორები არიან: მირიამ ლექსმანი, ვლადიმირ ბილჩიკი, მაიკლ გალერი, რასა იუკნევიჩიენე და ანდრიუს კუბილიუსი [EPP]
მათ ტექსტში ხაზგასმულია შეშფოთება „ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის მიერ დესტრუქციული როლის შესრულების გამო“ ქვეყნის ცხოვრებაში და მოთხოვნილია მისთვის პერსონალური სანქციების დაწესებაც.
ივანიშვილისთვის პერსონალური სანქციების დაწესებას ასევე ცალკე ითხოვს ევროდეპუტატი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი (ECR Group) თავის #72 -ე შესწორებაში:
„[ევროპარლამენტი] იმეორებს მოწოდებას საბჭოსა და დემოკრატიული პარტნიორების მიმართ, დაუწესდეს პერსონალური სანქციები ბიძინა ივანიშვილს, მისი როლისთვის საქართველოში პოლიტიკური პროცესების გაუარესებაში“.
#108-ე შესწორებაში, ავტორი ევროდეპუტატები: პეტრას აუსტრევიჩიუსი, ნატალი ლოაზო, ურმაზ პაეტი, რამონა სტრუგარიუ; კლემენ გროშელი, ხავიერ ნარტი (Renew Europe Group) ასევე ითხოვენ „გადაჭარბებული ანგარებითი ზეგავლენის, ეკონომიკურ, პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ოლიგარქ ბიძინა ივანიშვილის მიერ მთავრობის ყოვლისმომცველი კონტროლის ჩათვლით, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტი, რომელიც უნდა შესრულდეს საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე”.
ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული როლის აღმოფხვრის საჭიროებაზეა ლაპარაკი ანდრიუს კუბილიუსისა და რასა იუკნევიჩიენე (EPP) #109 შესწორებაშიც.
“[ევროპარლამენტი] ხაზს უსვამს ერთადერთი ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის გადაჭარბებული ზეგავლენის აღმოფხვრის საჭიროებას საქართველოს პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, როგორც ევროკომისიის მიერ განსაზღვრული ერთ-ერთი პრიორიტეტი, შესასრულებელი საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებამდე”, - ვკითხულობთ ტექსტში.
იმავე შინაარსს იმეორებს #110 შესწორება - მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის [EPP] ავტორობით და # 111 შესწორება იაცეკ სარიუშ-ვოლსკის (ECR Group) ავტორობით.
ბიძინა ივანიშვილი ანაკლიის პორტის საკითხთან მიმართებაშია ნახსენები ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის [EPP] მიერ იბიცირებულ #188 შესწორებაში. ტექსტის მიხედვით, გამოხატულია წუხილი ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტის შეფერხების გამო - "2020 წელს საქართველოს მთავრობის მიერ ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან (ADC) პროექტის ხელშეკრულების გაუქმების შედეგად" და გამოხატულია ძლიერი შეშფოთება, რომ "პანამის დოკუმენტების" მიხედვით, გამოიკვეთა ბიძინა ივანიშვილის მხრიდან ინვესტირება ფოთის პორტის კონკურენტულ პროექტში და "ანგარებითი ინტერესების ზეგავლენა საკვანძო პრორქტებზე და ასევე, ინვესტორების ნდობაზე საქართველოს მიმართ".
რა წერია მიხეილ სააკაშვილზე და ნიკა გვარამიაზე?
ევროპარლამენტარები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ - ჰუმანიტარული მიზნებით, შესაბამისი მკურნალობის უზრუნველსაყოფად.
#71 შესწორებაში, ევროპარლამენტარი იაცეკ სარიუშ-ვოლსკი საჭიროდ თვლის, რომ სააკაშვილის გათავისუფლება ევროკომისიამ განსაზღვროს ერთ-ერთ წინაპირობად, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
#114 შესწორებაში, რომლის ერთ-ერთი თანაავტორია ევროპარლამენტარი სვენ მიკსერი (სოციალისტებისა და დემოკრატების პროგრესული ალიანსი) ვხვდებით მოწოდებას საქართველოს ხელისუფლების მიმართ, რომ მიხეილ სააკაშვილს საზღვარგარეთ მკურნალობის საშუალება მიეცეს:
"[ევროპარლამენტი] მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, საზღვარგარეთ სამედიცინო დახმარების მიღების ნება დართოს მსჯავრდებულ ყოფილ პრეზიდენტს, ჰუნამიტარული მოსაზრებებით და როგორც პოლიტიკური პოლარიზაციის შემცირების საშუალება".
ეროპარლამენტარების - ანა ფოტიგას, იაცეკ სარიუშ-ვოლსკისა და ასიტა კანკოს მიერ ინიცირებული შესწორების თანახმად, ევროკავშირის ლიდერებმა უნდა განახორციელონ ზეწოლა საქართველოს ხელისუფლებაზე, "რათა სრულად დაიცვან სააკაშვილის უფლებები და ღირსება". აქვეა მოწოდება საქართველოს პრეზიდენტის მიმართ, გამოიყენოს თავისი კონსტიტუციური პრეროგატივა [შეწყალების მექანიზმი]. ტექსტში გამოხატულია წუხილი, რომ ევროკავშირის წარმომადგენელ პოლიტიკოსებს პატიმრების მონახულების უფლება არ ეძლევათ.
ევროპარლამენტარები სადავოდ და საეჭვოდ თვლიან "მთავარი არხის" დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას მიმართ გამოტანილ განაჩენს.
#156 შესწორებაში, მირიამ ლექსმანის, ვლადიმირ ბილჩიკის, მაიკლ გალერის, რასა იუკნევიჩიენესა და ანდრიუს კუბილიუსის [EPP] ავტორობით, დაგმობილია გვარამიას მიმართ 2022 წლის 16 მაისს გამოტანილი განაჩენი და "კიდევ ერთხელ მოუწოდებს გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის გადახედვისკენ".
#134 შესწორებაში, ევროპარლამენტარები, ანა ფოტიგა, იაცეკ სარიუშ-ვოლსკი და ასიტა კანკო (ECR Group) გვარამიას გათავისუფლების მოთხოვნით გამოდიან.
ევროპარლამენტარები აღნიშნავენ, რომ საქართველოში უზრუნველყოფილი უნდა იყოს მედიის თავისუფლება და უსაფრთხოება. #135 შესწორებაში დეპუტატები - კუბილიუსი და იუნკევიჩიენე, ნიკა გვარამიას გარდა, ასევე ახსენებენ ტელეკომპანია „ფორმულას“ დამფუძნებლის, დავით კეზერაშვილისა და ტელეკომპანია „პირველის“ მფლობელს, ვახტანგ წერეთლს და წუხილს გამოხატავენ " მათი დევნის გამო".
წარმოდგენილი შესწორებები, ევროპარლამენტის კომიტეტის მიერ შეჯერდება. "ქართული ოცნების" ხელისუფლება მწვავედ აკრიტიკებს ევროპარლამენტში განხილულ ცლილებებს. ვიცე-სპიკერმა, გია ვოლსკიმ მათ "უტიფარი" უწოდა.