ბმულები ხელმისაწვდომობისთვის

მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი ქვეყნიდან გააძევა


რუსეთის საელჩო კიშინიოვში
რუსეთის საელჩო კიშინიოვში

ორშაბათს, მოლდოვამ რუსეთის საელჩოს თანამშრომელი „პერსონა ნონ გრატად“ გამოაცხადა. საპასუხო ნაბიჯი გადადგა მოსკოვმაც და მოლდოველი დიპლომატი ქვეყნიდან გააძევა.

მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ საელჩოს თანამშრომლის ვინაობა არ გაამჟღავნა განცხადებაში, რომელიც რუსეთის ელჩის გამოძახების და თანამშრომლის მიერ მოლდოვის დატოვების მოთხოვნის შეტყობინების შემდეგ გააკეთა.

„მეზობელ ქვეყანაზე სარაკეტო თავდასხმები უსაფრთხოებისთვის რისკების ზრდას აგრძელებს და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეები ომის დამანგრეველ შედეგებს სულ უფრო მეტად გრძნობენ", - განაცხადა მოლდოვის საგარეო საქმეთა სამინისტრომ.

სამინისტრომ ასევე აღნიშნა, რომ რუსეთთან „აქცენტი გაკეთდა, რომ უკრაინის ენერგო ინფრასტრუქტურაზე თავდასხმები, მოლდოვის ენერგეტიკული უსაფრთხოებისთვისაც მზარდ საფრთხეებს ქმნის".

31 ოქტომბერს, უკრაინის მიმართულებთ გასროლილი რუსული რაკეტა, რომელიც უკრაინის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო, მოლდოვაში, ქვეყნის ჩრდილოეთით მდებარე სოფელში დაეცა. ინციდენტს მსხვერპლი არ მოჰყოლია. სოფელ ნასლავჩეაში რამდენიმე სახლის ფანჯრები ჩაიმსხვრა.

ნასლავჩეა უკრაინის საზღვარზე მდებარეობს. ინციდენტის შემდეგ, მოლდოვის ხელისუფლებამ რამდენიმე სასაზღვრო გადასასვლელი პუნქტი "უსაფრთხოების მიზეზებით" დროებით დახურა.

31 ოქტომბერს, რუსეთმა ათობით რაკეტა გაისროლა უკრაინის მიმართულებით და შეტევა მიიტანა ენერგეტიკულ და წყლის სისტემებზე, რამაც ქვეყნის ზოგიერთ რეგიონში, ელექტროენერგიისა და წყლის მიწოდების შეზღუდვა გამოიწვია.

XS
SM
MD
LG