"ჩვენ, შვიდეულის ჯგუფის ლიდერები, კატეგორიულად ვგმობთ ცრუ რეფერენდუმს, რომლის ყალბ საბაბად გამოყენებას, რუსეთი უკრაინის სუვერენული ტერიტორიის სტატუსის შესაცვლელად ცდილობს" - დიდი შვიდეულის ლიდერები, რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებულ ლუჰანსკისა და დონეცკის რეგიონებში, ე.წ. რეფერენდუმების გამართვის შესახებ, ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ. ლიდერები აცხადებენ, რომ რუსეთის ქმედებები აშკარად არღვევს გაეროს წესდებას, საერთაშორისო სამართალს და ეწინააღმდგება ერთა შორის კანონის უზენაესობას.
"რუსეთისა და მისი მარიონეტების მიერ მოწყობილ ამ ცრუ რეფერენდუმებს, არავითარი იურიდიული ძალა და ლეგიტიმაცია არ აქვს, რასაც მოწმობს რუსეთის ნაჩქარევი საორგანიზაციო მეთოდები, რომლებიც არვითარ პატივს არ სცემს დემოკრატიულ ნორმებს და დაფუძნებულია ადგილობრივი მოსახლეობის დაშინებაზე" - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები აღნიშნავენ, რომ რუსეთის მიერ, დროებით ოკუპირებულ ტერიტორიებზე ორგანიზებულ ე.წ. რეფერენდუმებს, არავითარი კანონიერი ძალა არ აქვს და არ გამოხატავს უკრაინელი ხალხის ლეგიტიმურ ნებას, "რომელიც მუდმივად ეწინააღმდგებოდა რუსეთის მცდელობებს, საზღვრების ძალის გამოყენებით შეცვლის შესახებ. ჩვენ არასდროს ვაღიარებთ ამ რეფერენდუმებს, რომლებიც, როგორც ჩანს, არის ნაბიჯი რუსული ანექსიისკენ და ჩვენ არასდროს ვაღიარებთ სავარაუდო ანექსიას, თუ ეს მოხდება" - ნათქვამია განცხადებაში.
დიდი შვიდეული ასევე გმობს "ესკალაციისკენ რუსეთის მიერ გადადგულ მიზანმმართულ ნაბიჯებს - მათ შორის, რეზერვისტების ნაწილობრივ მობილიზაციასა და უპასუხისმგებლო ბირთვულ რიტორიკას."
21 სექტემბერს, პუტინმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ პირველად, რუსეთში ნაწილობრივი მობილიზაციის შესახებ ბრძანება გასცა და მხარი დაუჭირა უკრაინის ტერიტორიების ანექსიის გეგმას. ამასთან, პუტინმა დასავლეთი გააფრთხილა, რომ ფანდი არ იყო, როცა მან თქვა, რომ რუსეთის დასაცავად, მზად იყო ბირთვული იარაღი გამოეყენებინა.
დიდი შვიდეულის ლიდერები კი, საერთაშორისო საზოგადოებას, ყველა ქვეყანას მოუწოდებენ, "ცალსახად უარყონ ეს ცრუ რეფერენდუმები, როგორც რუსეთის მცდელობა, გამოიყენოს ის საერთაშორი სამართლის დარღვევების ყალბ საფარველად. ჩვენ მზად ვართ, დავაკისროთ შემდგომი ეკონომიკური საფასური რუსეთს, ფიზიკურ პირებსა და სუბიექტებს - რუსეთში და მის ფარგლებს გარეთ - უკრაინის ტერიტორიის სტატუსის შესაცვლელად, რუსეთის უკანონო მცდელობებისთვის, პოლიტიკური თუ ეკონომიკური მხარდაჭერის გამო" - ნათქვამია განცხადებაში.
ლიდერები აცხადებენ, რომ უკრაინის მხარდაჭერა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ამის საჭიროება იქნება.
"ჩვენ მტკიცენი ვართ ჩვენს ვალდებულებაში, მხარი დავუჭიროთ უკრაინას, თავისი სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის შესანარჩუნებლად, საკუთარი თავის დასაცავად და საკუთარი მომავლის არჩევისთვის. ჩვენ გავაგრძელებთ ფინანსურ, ჰუმანიტარულ, სამხედრო, დიპლომატიურ და იურიდიულ მხარდაჭერას. გავაგრძელებთ რეკონსტრუქციის ძალისხმევას" - ნათქვამია განცხადებაში.
ამის შემდეგ, უკრაინის აღდგენის ძალისხმევის ფარგლებში, 25 ოქტომბერს, ბერლინში, უკრაინის აღდგენისა და მოდერნიზაციის საკითხებზე, საერთაშორისო კონფერენცია გაიმართება. ბერლინი კონფერენციაზე შეეცდება კიევისთვის დამატებითი ფინანსური დახმარება მოიზიდოს.